მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვთვლი, საქართველოდან ექსპორტის ზრდა ნებისმიერ ქვეყანაში კარგია, მათ შორის რუსეთშიც - ზურა აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

"დიახ, მე ვთვლი, რომ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც კარგია", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის ახლად დანიშნულმა მრჩეველმა, ზურა აბაშიძემ bm.ge-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას შეკითხვას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კითხვზე მართლა ფიქრობს თუ არა ზურაბ აბაშიძე, რომ რუსეთში ექსპორტის გაზრდა საქართველოს ეკონომიკის კარგია და ქართული ბიზნესისთვის, ნაკლებ რისკიანია, იმ პირობებში რომ ვიცით რამდენად "სანდო" პარტნიორია რუსეთი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი მრჩეველი ასე პასუხობს: "მე მხედველობაში მქონდა ის, რომ 2010 წელს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ბალანსის თვალსაზრისით სრულიად მორღვეული იყო. იმპორტი 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ექსპორტი. ეს იყო გამოწვეული ემბარგოთი და ეს მქონდა მხედველობაში. 2011 წელს რუსეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და გარკვეული ვალდებულებები აიღო. ამ ვალდებულებების შესაბამისად და ჩვენი ძალისხმევითაც ექსპორტისა და იმპორტის დიდი სხვაობა დაბალანსდა.

დიახ, ვთვლი, რომ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში კარგია. ამან მილიარდობით პროდუქციის გატანის საშუალება მოგვცა რუსეთში. რუსეთში მილიარდობით პროდუქცია გავიდა და ეს ფული შემოვიდა".

დამაზუსტებელ კითხვაზე, ხედავს თუ არა პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ეკონომიკურ დამოკიდებულებაში საფრთხეს, აბაშიძე პასუხობს, რომ რისკები არსებობს, თუმცა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები დივერსიფიცირებულია.

"რისკები არის და ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ამ რისკებს დიდი ყურადღების მიქცევა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა დივერსიფიცირებულია. რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში 11.2%-ია, რაც არ არის დიდი. ევროკავშირის ქვეყნებს თუ ავიღებთ, როგორც ერთიან ბაზარს, როგორიც ის რეალურადაა, სამჯერ მეტია სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, მეორე ადგილზე თურქეთია. ასე რომ ჩემი პასუხი ასეთია, რაც უფრო მეტი ჩვენი პროდუქცია გავა უცხოეთში, მათ შორის რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა აბაშიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები