კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციას უერთდებიან. შესაბამისი განცხადება მათ ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კულტურის სფერო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებისა და წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.
„2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო და ღიად თქვა უარი ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე. წაგვართვა არჩევანის, დემოკრატიულ, სამართლიან და დაცულ ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ეს დღე ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის დასაწყისად იქცა. კულტურის სფერო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებისა და წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. რეჟიმმა არაერთხელ სცადა ჩვენი დადუმება, მოსყიდვა და გაჩერება. მიუხედავად ყველაფრისა, კულტურის ხმა კვლავ ისმის უწყვეტ პროტესტში. თავისუფლებისა და სამართლიანობის მოყვარული საზოგადოება კვლავ გარეთაა და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. გაძლიერებული წნეხის, პოლიტიკური და სინდისის პატიმართა რაოდენობის გაზრდის, ახალი რეპრესიების მიუხედავად ქართველი საზოგადოება კვლავ გარეთაა, არსად წასულა და კვლავ სამართლიან არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.
კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები 28 ნოემბერს, 19:00 საათზე ვუერთდებით სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს და პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია და დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურთ, რომლებსაც სჯერათ, რომ მხოლოდ ნამდვილი მეგობრების გვერდით ვიქნებით დაცულები და რეალური განვითარების შესაძლებლობა გვექნება“,- აცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
28 ნოემბერს ერთი წელი გადის „ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.




























