მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე - ხვალიდან, თსუს ლექტორების ნაწილიც გაიფიცება

თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი უერთდება სტუდენტთა გაფიცვას. 55 ლექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი დადგებიან მათი სტუდენტების გვერდით, მათ შორის აქციებზე, გაცდენილ ლექცია-სემინარებს კი მოგვიანებით აღადგენენ.

“კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.

აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია “რუსული კანონის”, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს”, – აცხადებენ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს რუსული კანონის განხილვა. გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლები გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის, სტუდენტების მიმართ გამოხატულ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას სამართალდამცველების მხრიდან.

“მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი.

ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს”, – წერია განცხადებაში.

დღეს გამოქვეყნებულ განახლებად განცხადებას ამ დროისთვის 55 ხელმომწერი ჰყავს.

11 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ 13 აპრილიდან უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე, ამის შემდეგ იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელეს ილიაუნის სტუდენტებმა. ამ დროისთვის დაუმორჩილებლობა და გაფიცვა, ჯამში 12 უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა და თვითმმართველობებმა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები