რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მარიტას“ დამფუძნებლის, ქეთი ბოლქვაძის ვარაუდით, საქართველოში რძის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა კვლავაც მოსალოდნელია.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ყველისა და ხაჭოს იმპორტის ზრდა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ბაზარზე მოთხოვნა მატულობს, თუმცა ადგილობრივი წარმოება ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს საჭირო მოცულობას.
ბოლქვაძის თქმით, იმპორტი აუცილებელი ხდება, რადგან ქვეყანას არ აქვს საკმარისი ადგილობრივი წარმოება, რომ მთელ საქართველოს უწყვეტად მიეწოდოს რძის ნაწარმი. „ეს ერთგვარად დადებითი პროცესიცაა, რადგან დეფიციტი არის შევსებული, თუმცა, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდა ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არ გვაქვს ისეთი მასშტაბის წარმოება, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს და მომავალში ექსპორტზეც კი ვიმუშაოთ. ვვარაუდობთ, რომ რძის პროდუქტებზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, პრობლემის მთავარი მიზეზი სოფლის დასახლებების შემცირებაა. ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ სოფლები იცლება და დღითი დღე იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. შესაბამისად, ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესია წარმოების მასშტაბის გაზრდა, რათა გაიზარდოს ნედლ რძის მოცულობა.
კომპანიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სეზონური ნედლეულის დეფიციტიც: ზაფხულში „მარიტა“ 4–5 ტონა ნედლ რძეს ამუშავებს, ზამთარში კი მოცულობა 1–2 ტონამდე მცირდება. მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, შემცირებული ნედლეული, ბოლქვაძის პროგნოზით, მომდევნო 2–3 თვეში კრიზისს გამოიწვევს.
შემცირებული ნედლეულის გამოწვევის დასაძლევად, ბოლქვაძე ფიქრობს, რომ საჭიროა ნატურალური და აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტების ფასების დარეგულირება. მისი თქმით, დღეს ეს პროდუქტები ერთ ფასში იყიდება, რაც ფერმერების მოტივაციას ამცირებს. კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, ფერმერების მხარდაჭერა და ბაზრის სამართლიანი რეგულირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის მოთხოვნა ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდეს: „თუ მომხმარებელი ნატურალურ და აღდგენილ რძის პროდუქტს ერთ ფასში ყიდულობს, ფერმერისთვის აღარ არის მოგებიანი პირუტყვის შენახვა და ნედლი რძის წარმოება“, - თქვა მან.
ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში, საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა $33 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.1%-ით მეტია. იმპორტი მოცულობითაც გაიზარდა - ქვეყანაში 5 961 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.




























