გერმანული Volkswagen Group-ის ახალი ბრენდის, Scout Motors-ის ელექტრომობილებზე მომხმარებლების მხრიდან 50,000-მდე წინასწარი შეკვეთა შევიდა, რაც მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი შედეგია.
როგორც ცნობილია, კომპანია ელექტრომობილების წარმოებას 2027 წლიდან დაიწყებს, საბაზისო მოდელის ფასი კი $60,000-დან იწყება, ანუ Scout-ის ელექტრომობილებს საშუალო და ძვირად ღირებულ სეგმენტში ვიხილავთ.
მართალია, Scout-ი ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს, თუმცა თავად ბრენდი სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს, როდესაც ის აშშ-ში Off-Road SUV-ებს აწარმოებდა, თუმცა შემდგომ კომპანია გაკოტრდა და Scout-ის ბრენდი VW Group-მა შეისყიდა, რომელსაც აშშ-ის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ამერიკული ისტორიის მქონე ბრენდის სჭირდება.
როგორც ვიცით, საწყის ეტაპზე, Scout-ის პორტფელში ორი მოდელი იქნება - საშუალო ზომის ყველგანმავალი (Traveler) და პიკაპი (Terra). ორივე მათგანი ხელმისაწვდომი იქნება როგორც სრულიად ელექტრონული, ასევე ჰიბრიდული სისტემით.
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული ფესვების მიუხედავად, VW Group-მა Scout-ის ელექტრომობილების წარმოება აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში გადაწყვიტა, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკით და ეროვნული წარმოების მიმართ ამერიკელების პოზიტიური განწყობით არის განპირობებული.
Traveler-ის და Terra-ს ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა VW Group-ში ადასტურებენ, რომ ახალი თაობის ელექტრომობილებს Scout-ის ინჟინრები Rivian-თან თანამშრომლობით შექმნიან, რომელიც, ცოტა ხნის წინ, VW Group-ის შვილობილი კომპანია გახდა.
სავარაუდოდ, Scout-ის ელექტრომობილებში Audi-ის და Rivian-ის ტექნოლოგიას ვიხილავთ, რაც ნამდვილად კარგი საწყისი წერტილია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დახვეწილი დიზაინი გამოარჩევთ Traveler-სა და Terra-ს.