სტარტაპ-კონფერენციებზე სხვადასხვა ტიპის სტარტაპერების გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გამოვიტანოთ ისაა, რომ წარმატებული ანტრეპრენიორები შეუპოვარი კომუნიკატორები არიან, - ამის შესახებ კალიფორნიული ვენჩერული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის უფროსმა პარტნიორმა, ბილ რაიქარტმა ბიემჯისთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, წარმატების მისაღწევად, ადამიანებთან დაკავშირებაა საჭირო - ადამიანებთან, რომლებიც, შესაძლოა, თქვენს მომხმარებლებად, ინვესტორებად, გუნდის წევრებად ან პარტნიორებად იქცნენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Pegasus Tech Ventures-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ამერიკული ვენჩერული ფონდია, რომელმაც, სხვადასხვა დროს, ინვესტიცია SpaceX-ში, Airbnb-ში, Twitter-ში, 23&Me-სა და Coinbase-ში აქვს განხორციელებული. თუმცა, ამასთან, Pegasus Tech Ventures-ი ყოველწლიურ ჩემპიონატს, “სტარტაპების მსოფლიო თასს” ატარებს, რომლის გამარჯვებული, ინვესტიციის სახით, $1 მილიონ დოლარს იღებს.
“რვა წლის წინ ვიფიქრეთ, რომ გლობალური სტარტაპ-შეჯიბრის მოწყობა კარგი იდეა იყო. Pegasus Tech Ventures-ი გლობალური ვენჩურული ფონდია და ჩვენი მანდატი პლანეტის გარშემო იმ საუკეთესო კომპანიების პოვნას მოიაზრებს, რომლებიც ჩვენი კორპორაციული ქსელის გარკვეულ საინვესტიციო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ჩვენი ქსელი 40-ზე მეტი გლობალური კორპორაციისგან შედგება, რომელთათვის ისეთ კომპანიებს ვეძებთ, რომლებიც მათ სტრატეგიულად გამოადგებათ ან პირიქით, სექტორს თავდაყირა დააყენებენ და კონკურენციას გაუწევენ - სტარტაპების კონკურსი სწორედ ამ მიზნით შევქმენით”, - ამბობს ბილ რაიქარტი ბიემჯისთან საუბრისას.
რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით, Pegasus Tech Ventures-მა “სტარტაპების მსოფლიო თასის” ყოველწლიური რეგიონული კონკურსის ჩატარება საქართველოშიც დაიწყო. 2022 წელს, ამ კონკურში Theneo-მ გაიმარჯვა, 2023 წელს კი - Artisio-მ.
“დიდი გავლენის მოხდენის მიზნით, გადავწყვიტეთ სტარტაპ-კონკურსების ისტორიაში ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო დაგვეწესებინა - $1 მილიონი დოლარი. ჩანაფიქრმა იმუშავა და ადამიანები დაინტერესდნენ. ყველა ქალაქში, სადაც შევდივართ, სწორ პარტნიორებს ვეძებთ და თუ პირველ წელს, 15 ქალაქში ვიყავით, ახლა ეს რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ჯამურად, “სტარტაპების მსოფლიო თასი” 90-მდე ქალაქში ჩაგვიტარებია”, - აღნიშნავს ბილ რაიქარტი ბიემჯისთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ Pegasus Tech Ventures-ი $2 მილიარდად შეფასებული გლობალური ვენჩერული ფონდია, რომლის სათავო ოფისი კალიფორნიაში, სილიკონის ველზე მდებარეობს. ამასთან, ფონდის ოფისები ყველა კონტინენტზე აქვთ, ანტარქტიდის გარდა.
"ბიემჯის" ინფორმაციით, ქართულ სტარტაპში ინვესტიცია Pegasus Tech Ventures-ს ჯერ არ განუხორციელებია.