მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Warner Brothers Studio-სთვის ბრძოლას ლარი ელისონიც შეუერთდა

ლარი ელისონი

ამერიკული კონოინდუსტრიის გიგანტის, Warner Brothers Studio-სთვის ბრძოლას მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ლარი ელისონიც შეუერთდა.

როგორც ირკვევა, მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის, Oracle-ის თანადამფუძნებელი საკუთარი შვილის კომპანია Paramount Skydance-ის $108-მილიარდიან შეთავაზებაში პერსონალური გარანტის როლით შევა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარანტიას დებს, რომ Paramount-ი Warner Bros-ის ინვესტორებს დაპირებულ თანხას, ანუ აქციაზე გასაცემ $30 დოლარს აუცილებლად გადასცემს. ამის უზრუნველსაყოფად კი ის $40.4 მილიარდს გამოყოფს.

ლარი ელისონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ Warner Brothers Studio-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უძღოდა, რომლის აღმასრულებელი ბორდის წევრებმაც ინვესტორებს მოუწოდეს, Paramount-ის შემოთავაზებაზე უარი ეთქვათ და დათანხმებოდნენ Netflix-ის $82-მილიარდიან ინიციატივას, რომელიც აქციაზე მხოლოდ $27 დოლარის გაცემას ითვალისწინებდა, ისიც არა სრულად ქეშის, არამედ, ნაწილობრივ, Netflix-ის აქციების სახით. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ელისონს გადაწყვეტილება მიაღებინა არის ის, რომ Paramount-ის თავდაპირველი თანაინვესტორების სიიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ჰოლდინგი გავიდა. ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, Warner Bros-ის ხელმძღვანელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ დევიდ ელისონის კინოკომპანია უდიდესი ფინანსური პასუხისმგებლობის ასაღებად სრულფასოვნად მზად არ იყო. პროცესებში ლარი ელისონის შემოსვლა Paramount-ს ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, რადგან მას ამიერიდან მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ზურგს საკუთარი გარანტიით გაუმყარებს.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ინვესტორებმა უნდა მიიღონ, რომელთა წინაშეც ორი არჩევანი იქნება წარმოდგენილი - ან კომპანიის სრულად გაყიდვა და მულტიმილიარდერ ლარი ელისონის ოჯახისა და მისი პარტნიორებისთვის გადაცემა, სანაცვლოდ კი ერთ აქციაზე $30 დოლარის ქეშად მიღება, ან კომპანიის მსოფლიოს უმსხვილესი სტრიმინგ პლატფორმისთვის გადაცემა იმ პირობით, რომ CNN და Discovery დამოუკიდებელ კომპანიად გამოიყოფიან, თავად კი ერთ აქციაზე $27 დოლარის მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები