მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Washington Post-ის აღმასრულებელი დირექტორი გადადგა - მიზეზები

უილიამ ლუისი

გავლენიანი ამერიკული მედია Washington Post-ის აღმასრულებელი დირექტორი, უილიამ ლუისი გადადგა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოცემამ ასობით თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა.

როგორც ირკვევა, ამჟამინდელი შემცირებების ფარგლებში WP-ს დასაქმებულთა 1/3-ის გაშვება აქვს დაგეგმილი, რაც განსაკუთრებით საერთაშორისო ამბებისა და სპორტის მიმართულებას შეეხება. გადადგომამდე ლუისი აქტიურად იცავდა მიღებულ გადაწყვეტილებას და ამბობდა, რომ ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიზანი მედიის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაა, რის გარეშეც ის საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებს. ბოლო წლების განმავლობაში Washington Post-ი კრიტიკის ადრესატი არაერთხელ გახდა. უპირველესად, გამოცემამ უარი თქვა იმ ტრადიციაზე, რასაც კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება და მედია-გაშუქება ჰქვია. WP-ს ყოფილი და მოქმედი ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ მედიის ეს დამკვიდრებული ტრადიცია სწორედ ლუისმა შეცვალა. უკმაყოფილება გამოიწვია Washington Post-ის ახლო აღმოსავლეთის რედაქციის გაჩერებამაც.

არსებული ინფორმაციით, ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს პოსტზე დროებით Washington Post-ის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელი, ჯეფ დ’ონოფრიო ჩაანაცვლებს, რომელიც იზრუნებს, რომ გამოცემამ შეუწყვეტად შეძლოს საქმიანობის გაგრძელება და კვლავ დააინტერესოს ის მომხმარებელი, რომელიც WP-ს ერთგულ მკითხველად მიიჩნევა. შეგახსენებთ, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული მედია გამოცემა 2013 წლიდან მილიარდერ ჯეფ ბეზოსის საკუთრებაა. სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ მედიის ფოკუსის ცვლილების ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ ბიზნესმენის მიერ მოთხოვნილი, სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა. კერძოდ, ბეზოს სურს, Washington Post-მა მეტი ყურადღება თავისუფალ ბაზარზე და ადამიანების პირად თავისუფლებებზე წერაზე გაამახვილოს და აქცენტი საერთაშორისო პოლიტიკიდან შიდა სოციალურ საკითხებზე გადაიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები