ავტონომიური მართვის ტექნოლოგიაზე მომუშავე ბრიტანულმა კომპანია Wayve-მ დაფინანსების ახალი რაუნდის ფარგლებში სტრატეგიული ინვესტორებისგან ჯამურად $1.2 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რითაც მისი საერთო საბაზრო ღირებულება $8.6 მილიარდამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რაუნდი დახურული კვლავ არ არის და Wayve-ში თანხების ჩადებას მიწოდებისა და ტაქსის სერვისის ამერიკული გიგანტი, Uber-იც გეგმავს, რამაც არსებული მაჩვენებელი $1.5 მილიარდამდე შეიძლება გაზარდოს. ამ მოცემულობით, ბრიტანულ სტარტაპში ინვესტიცია ჩადებული აქვთ: Mercedes-Benz-ს, Stellantis-ს, Nissan-ს, Microsoft-სა და Nvidia-ს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექს კენდალის განცხადებით, მოზიდული კაპიტალი Wayve-ს დაეხმარება, განავითაროს საკუთარი ტექნოლოგია და ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე რობოტაქსებისა და მძღოლების დამხმარე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას.
ტრადიციული ავტომწარმოებლების მხრიდან ბრიტანულ სტარტაპზე ფსონის დადება ანალიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ კორპორაციული სექტორი შიდა ავტონომიური სისტემების განვითარებით აღარაა დაინტერესებული და ურჩევნია, ეს სერვისი აუთსორსით, ანუ სხვა კომპანიებისაგან მიიღოს, რათა, ერთი მხრივ, შეამციროს ტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯების და, მეორე მხრივ, თავიდან აიცილოს ისეთი ფინანსური დარტყმები, როგორიც General Motors-მა და Ford-მა სწორედ საკუთარი ავტონომიური სისტემის შექმნის წარუმატებელი მცდელობის გამო განიცადეს. აღსანიშნავია, რომ Wayve ამ შესაძლებლობის აქტიურად ათვისებას აპირებს და უკვე წელს Uber-თან ერთად რობოტაქსების ქსელს მსოფლიოს 10 სხვადასხვა დიდ ქალაქში გაუშვებს, რითაც Alphabet-ის შვილობილი Waymo-ს პირდაპირი კონკურენტი გახდება.




























