მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WebApp-ი პროგრამული უზრუნველყოფის ქართულ პროდუქტს რეგიონის ქვეყნებში გაიტანს

6038ea8c9737e
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.21 22:05
2286
ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია WebApp-ი, რომელიც დაახლოებით 1.5 წლის წინ შეიქმნა, რამდენიმე დღის წინ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული გახდა.

BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი ლევან მესხიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო პროექტში გამარჯვება მათი სწრაფი განვითარებისა და როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბიზნესისთვის ქართულ პროდუქტზე კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობის გარანტია.

დღეს WebApp-ი 270-ზე მეტ კომპანიას - სილამაზის სალონებს, სტომატოლოგიურ და ამბულატორიულ კლინიკებს მომხმარებლის პირველი ზარიდან დაწყებული, ყველა პროცედურის გავლით - სტატისტიკური და ანალიტიკური ანალიზით დასრულებული, პროგრამული უზრუნველყოფით ემსახურება.

„საწყის ეტაპზე WebApp-ზე მუშაობისას, მთელი ფინანსური რესურსი აქეთ მივმართეთ, თუმცა მალე პანდემიაც დაიწყო და ეკონომიკური საქმიანობების გაჩერების გამო, ჩვენც გაჩერება მოგვიწია და მთლიანად გავნულდით. მიუხედავად ამისა, მაშინ რამდენიმე მომხმარებელი უკვე გვყავდა. „ლოქდაუნის“ მოხსნის შემდეგ კვლავ მოვახდინეთ თანხების მობილიზება, თუმცა გაჩერება მალევე მოგვიწია. 2020 წელს ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, რომ გადავრჩენილიყავით, თუმცა არც ერთი დღე თანამშრომლებისთვის ხელფასი არ შეგვიწყვეტია. კომპანიის ამოქმედებისთვის დღემდე 100 000-მდე ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და 12 ადამიანი დავასაქმეთ“, - ყვება ლევან მესხიშვილი.

კომპანიაში ამბობენ, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობას დიდ ყურადღებას აქცევენ და მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, რომლითაც ისინი პარტნიორებს ემსახურებიან. WebApp-ის გეგმები საქართველოთი არ შემოისაზღვრება. GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტი კი კომპანიის განვითარებას მინიმუმ 4-ჯერ დააჩქარებს.

„გარკვეული აქტივობა, რომელიც გეგმით მაგალითად ივნისში გვქონდა გაწერილი, მარტის ბოლოსთვის უკვე დაემატება. შესაბამისად, გრანტის საშუალებით ჩვენი პროგრესი 4-ჯერ დაჩქარდება. ეს 6 თვეში საზღვარგარეთ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების პრეცედენტის გაჩენაში დაგვეხმარება და დარწმუნებული ვარ ასეთი პრეცედენტი ბევრი იქნება. ანუ ერთი მხრივ მაქსიმალურად ავითვისებთ ქართული ბაზარს და ხოლო მეორეს მხრივ 2021 წლის მეორე კვარტალში აქტიურად დავიწყებთ უკვე პროგრამის უცხოეთში - უზბეკეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გატანას. მოლაპარაკებები გვექნება ამ მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ თუ ვინმეს მეტი გამოცდილება აქვს, მათთან ერთად უფრო მარტივად შევძლებთ ამა თუ იმ ბაზარზე შესვლას“, - ამბობს WebApp-ის თანადამფუძნებელი.

100 000-ლარიანი გრანტი ქართული პროდუქტის არამხოლოდ საზღვარგარეთ ექსპორტს შეუწყობს ხელს, არამედ მის არსობრივ დახვეწასა და პროგრამულ განვითარებას განაპირობებს. თუმცა თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მათი გეგმების სრულად განხორციელებისთვის, კომპანიის მოგების რეინვესტირებაც მოუწევთ, იმისთვის რომ განვითარების პროცესი შეუფერხებელი და გამართული იყოს. ლევან მესხიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესში კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

„რეგიონის ქვეყნებში შესვლისთვის ორ ვერსიას განვიხილავთ: პროდუქტის მომსახურება ციფრულადუნდა გავიტანოთ, ან იმ ქვეყანაში, სადაც შევალთ წარმომადგენლობითი ოფისი გავხსნათ. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ციფრული გასვლის შემთხვევაში დაგვჭირდება უცხოენოვანი სწავლების მენეჯერები, რომლებიც კომპეტენტურები იქნებიან საკითხის მიმართ, ხოლო უცხოურ კომპანიასთან პარტნიორობისა და წარმომადგენლობის გახსნის შემთხვევაში, ბუნებრივია ეს სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს“, - უთხრა BM.GE-ის WebApp-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები