კომპანია GreenGold სახელმწიფო პროექტში „ქართული ჩაი“ 2016 წლის დეკემბერში ჩაერთო და 24 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახდენს. სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 61,950 ლარს შეადგენს, საიდანაც 43,365 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებაა. კომპანია სწორედ Greengold-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს და ძირითადი სამიზნე არა - ქართული ბაზარი, არამედ პროდუქტის ექსპორტზე გატანაა.
კომპანიის დამფუძნებელი ბააკა ბაბუნაშვილი bm.ge-ისთან საუბარში ამბობს, რომ ქართული ჩაი უკვე გავიდა ჩეხეთსა და საფრანგეთში მხოლოდ ერთჯერადად, ხოლო შემდეგ პანდემიამ შეუშალა ხელი, თუმცა ახლა მოლაპარაკებები აღდგენილია.
„2018 წელს გამოვუშვით ჩვენი პირველი პროდუქტი, თუმცა ეს იყო სატესტო, რადგან საკუთარი საწარმო 2019 წელს გავხსენით. პირველ წელს გამოშვებული პროდუქცია სრულად შეიძინა ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც ჩაიც ბაზარზე მალე გამოჩნდება. რაც შეეხება ექსპორტზე პროდუქციის გატანას, 2019 წელს გავიტანეთ პროდუქცია ჩეხეთსა და საფრანგეთში, სულ - 600 კგ. ამით მოვიპოვეთ ნდობა და ახლა უკვე მოთხოვნა გაიზარდა.
გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს უკრაინასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და გერმანიასთან. თითქმის ყველა ქვეყანაში გავგზავნეთ უკვე ნიმუშები და ველოდებით გამოხმაურებას. წელს ექსპორტზე 5-6-ტონამდე ჩაის გატანას ვგეგმავთ“, - განაცხადა მან.
ბაბუნაშვილის განმარტებით, ქართულ ბაზარზე ჩაის ფასი იგივე რჩება, ხოლო საექსპორტო ფასი გაიზარდა და ევროპაში 13 ევროს ფარგლებშია. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბაბუნაშვილის ინფორმაციით, აქ, სავარაუდოდ, წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 10% დარჩება.
ამასთან, ის პასუხობს კრიტიკას ქართული ჩაის ხარისხთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩაის ნდობის მოპოვება სჭირდება, თუმცა GreenGold-ი პრემიუმ-ხარისხის ფოთოლს ამუშავებს და ჩაიც ასეთივე ხარისხის აქვს.
„ჩვენ ვკრეფთ მაღალი ხარისხის ჩაის ფოთოლს და ვამუშავებთ უმაღლესი ხარისხით. ისეთი დანადგარები გვაქვს, რომ ფიზიკურად დაბალი ხარისხის ფოთოლს ვერ გადავამუშავებთ. სულ 50 ტონა ფოთოლს ველოდებით სეზონზე. გვაქვს ჩვენი წარმოება, პლანტაციაც და სხვის ფოთოლს არ ვიბარებთ“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება პრობლემებს, გახსნისას კომპანიის მენეჯმენტი აცხადებდა, რომ ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ჩაის მკრეფავი მუშახელი წარმოადგენდა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გურიის მოსახლეობა, ჩაის პროფესიონალი, ახალგაზრდა მკრეფავები სამუშაოდ თურქეთში მიდიოდნენ, თუმცა 2020 წელს ეს პრობლემა აღარ შეიქმნა, რადგან თურქეთის საზღვარი ჩაკეტილი იყო და ადგილობრივები საწარმოებში დასაქმდნენ.
„2020 წელს წელს მუშახელის პრობლემა საერთოდ არ გვქონდა, გასული წლებისგან განსხვავებით. პირიქით, მოთხოვნა მაღალი იყო. მუშახელისთვის ანაზღაურება არის გამომუშავებაზე და არა - ფიქსირებული. კერძოდ, 1 კგ ჩაის ფასი 2,50 ლარია საშუალოდ, ზოგჯერ 3 ლარია, როცა კონკურენცია იზრდება. საშუალოდ კვირაში 30 ადამიანს ვასაქმებთ. 2020 წელს 50 ადამიანს ვასაქმებდით და ა.შ. გააჩნია, როგორ სცალიათ ადამიანებს, ასევე ფაქტორებს შორისაა ამინდი და მოსავალი“, - ამბობს ბაბუნაშვილი.




























