მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს BARTA მეოთხედ ჩატარდება - ინტერვიუ პოლ თომფსონთან

635647b7d0734
BM.GE
24.10.22 18:55
470

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოსთვის კონკურსი - BARTA, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით იმართება, მიმდინარე წელს მეოთხედ ჩატარდება. წლევანდელი BARTA დეკემბერში ჩატარდება, ხოლო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია - ის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო, იგივე BARTA, 2019 წელს შეიქმნა - საფუძვლად მას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები უდევს. BARTA-ს მიზანია საქართველო ბიზნესსა და ინვესტორებზე ორიენტირებულ ქვეყნად გადააქციოს, რაც აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის.

„წლევანდელი BARTA კვლავ ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ბირჟაზე დალისტული ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას და კომპანიის კატეგორიისთვის სავალდებულო ყველა ანგარიშგების შესაბამისი ვადების დაცვით წარდგენას. საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს, განაცხადის თვითწარდგენა დასჭირდებათ“, - ვკითხულობთ BARTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღნიშნული ჯილდოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ევროპული ასოციაციის დირექტორს და BARTA-ს ჟიურის თავმჯდომარეს, პოლ თომფსონს ესაუბრა.

პოლ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სწრაფი გამოხმაურებისთვის და ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, განსაკუთრებით რეფორმასთან და BARTA-სთან მიმართებით. მსურს ჩვენს მაყურებლებსა და გამომწერებს გაუზიაროთ, თუ საიდან, როდის და როგორ გაჩნდა BARTA-ს შექმნის იდეა. BARTA-ზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ საჯაროდ არასდროს გვითქვამთ, თუ როდის და რა ვითარებაში გაჩნდა ეს იდეა. გთხოვთ, მოგვიყევით ეს ისტორია.

BARTA 2019 წელს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების საკითხზე ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფუძნდა. იმ დროს გვსურდა, რომ ქართული კომპანიები მეტად გამჭვირვალე გამხდარიყვნენ, საკუთარ საქმიანობაზე უფრო მეტი ესაუბრათ და საკუთარი ყოველწლიური ანგარიშების ხარისხი გაეუმჯობესებინათ. აი, ასე შევქმენით BARTA – საუკეთესო წლიური ანგარიშის გამჭვირვალობის ჯილდო, სამი წლის წინ. თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებდა, ყოველწლიური ანგარიშების ფინანსური შემადგენლები კი არ იყო, რომელთაც თქვენი მკითხველი კარგად იცნობს, მათ შორის ფინანსური ანგარიშები, მოგება-წაგებისა და ბალანსის უწყისები და შენიშვნები. ყველაზე მეტად, გასაჯაროებული არაფინანსური ინფორმაცია გვაინტერესებდა, განსაკუთრებით ESG-რაპორტინგი. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ანგარიში და ის, რასაც ბოლო დროს მდგრადობის ანგარიშს უწოდებენ. ამგვარად, ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებდა - იმ კომპანიების დათვალიერება, შეფასება და აღნიშვნა, რომლებიც მდგრადობის ანგარიშების მიმართებით მაღალ ხარისხს დებენ.

ახლახან ახსენეთ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და საკუთარი თავი.ცხადია, ამ პროცესში ბევრი ადგილობრივიც არის ჩართული, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უწყებები. მოდი, BARTA-ს იდეის შესახებ ვისაუბროთ? არის თუ არა ის წმინდა ქართული იდეა? აქვს თუ არა BARTA-ს ქართული ფესვები, თუ ის მსგავსი მიზნების მქონე სხვა პროექტისგან გადმოიღეთ?

BARTA-ს რომ ვქმნიდით, მსოფლიოში მოვიძიეთ ის პრაქტიკები, რომლებიც საუკეთესოდ მიგვაჩნდა და BARTA მათ გარშემო ავაგეთ. ჩემთვის, BARTA მსოფლიოში არსებული მსგავსი ინიციატივების ერთგვარი ნაერთია; ის კოპირებული და გადმოტანილი პროექტი არ არის. მინდა ვიფიქრო, რომ BARTA დიდად უსწრებს სხვა მსგავს პროექტებს. ეს ძალიან თანამედროვე საანგარიშო ინიციატივაა.

მოდი, BARTA-ზე ვისაუბროთ. შემისწორეთ თუ ვცდები, მაგრამ წელს, ის მეოთხედ ტარდება. შეიძლება ეს გათვლილიც გქონდეთ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ ამ მოდელის საერთაშორისო ბაზარზე გატანას? ხომ არ ელაპარაკებით ამ თემაზე პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს?

მას მერე, რაც BARTA დაფუძნდა, ინიციატივის მუდმივ დახვეწაზე ვმუშაობთ, რათა მასში მუდმივად იყოს ასახული საუკეთესო არსებული პრაქტიკა. ის, რასაც დღეს, მსოფლიოში, ვხედავთ, მდგრადობის ანგარიშების სწრაფი გავრცელებაა. ევროკავშირში, მაგალითად, მომავალ წლებში, მდგრადობის ანგარიშები ფართოდ გავრცელდება, რადგან რეგულაცია, მის შედგენას საფონდო ბირჟაზე დალისტული ორმოცდაათი ათასი უმსხვილესი კომპანიისგან მოითხოვს, რათა მდგრადობის ანგარიში ფინანსური ანგარიშის ისეთივე მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს, როგორც ეს სამყაროს სხვა ნაწილებშია.

BARTA-სთან მიმართებით გვსურს, რომ ჩვენი ხედვა გვქონდეს, მომავალზე ორიენტირებულნი ვიყოთ და მდგრადობის ანგარიში ჩვენს მოდელში იყოს ჩაშენებული - ყველაფერი ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ავტომატურად ვანიჭებთ ქულას ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც საფონდო ბირჟაზე ხვდება. ამასთანავე, ვახალისებთ საკუთარი თავის, ანუ იმ კომპანიების ნომინირებასაც, რომელთა აქციები საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება, მაგრამ რომელთაც სურთ, რომ მათი ყოველწლიური ანგარიში შევაფასოთ.

პოლ, მონაწილეთა სია მუდმივად ფართოვდება, ეს ფაქტია. ამასთანავე, საქართველოში ენთუზიაზმიც იმატებს და ჩვენ ამას კარგად ვხედავთ. თუმცა, ამავე დროს, დარწმუნებული ვარ რომ დასაწყისში, თქვენ და პარტნიორებმა უპასუხეთ შეკითხვას: „რა არის BARTA?“. ამავე მესიჯს ადგილობრივ ანტრეპრენიორებს დღესაც ხომ ვერ მივაწვდენთ? რატომ უნდა მიიღონ მათ მონაწილეობა 2022 წლის BARTA-ში?

ერთი მარტივი მიზეზით: საქართველოს ინვესტორთა საზოგადოება იმსახურებს მიიღოს უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. ქართველი ინვესტორები იმსახურებენ, რომ დაინახონ, წაიკითხონ და გაიგონ, თუ როგორ გავლენას ახდენს თქვენი ბიზნესი ადგილობრივ გარემოზე, ადგილობრივ საზოგადოებაზე და საერთოდ, თუ რამდენად კარგად იმართება ის. ეს ის კრიტერიუმებია, რომელთაც BARTA-ს დაჯილდოების ფარგლებში ვაფასებთ. ამის საპასუხოდ, ჯილდოს გადაცემით ვახალისებთ იმათ, ვინც წინა პლანზე არის და ინფორმაციას საუცხოოდ ასაჯაროებს ან, როგორც მინიმუმ, სახელის მოხვეჭაში ვეხმარებით იმათ, ვინც საკუთარ თავს შესამოწმებლად წარმოადგენს. გვჯერა, რომ ეს ისეთი რამაა, რისი ხილვა ადგილობრივ ბიზნეს კომუნას, საქართველოში არსებულ ინვესტორებსა და სხვებს სურთ, რათა უფრო ღრმად და უკეთ გაერკვნენ იმ ბიზნესებში, რომლებშიც ფულს აბანდებენ, რომელთან ერთად მუშაობენ ან რომელთა პროდუქტებს ყიდულობენ.

ერთადერთი, რისი დამატებაც შემიძლია, Forbes Georgia-ს სახელით ჩემი პატივისცემა და მადლიერებაა თქვენი და თქვენი გუნდის მიმართ, როგორც BARTA-სთვის, ასევე საქართველოში ჩატარებული რეფორმისთვის. მოდი, აგიხსნით რატომ. აღნიშნული რეფორმის გარეშე, Forbes-ი აუდიტირებულ რეიტინგებს საქართველოში ვერასდროს გამოაქვეყნებდა. აუდიტის რეფორმამ საქართველოში Forbes-ის განვითარების ფანტასტიკური საშუალება მოგვცა - ისე, როგორც ის სხვა ქვეყნებში ვითარდება.

ამის მოსმენა ძალიან მახარებს. ჩვენ, ჩვენს გუნდს, ჟიურის წევრებს და ყველას, ვინც ამ პროექტში ვართ ჩართულები, საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარების გარკვეული გეგმები გვაქვს. ეს მხოლოდ ერთი გზაა, რომლითაც საქართველოში რაღაცების გამოსწორება შეგვიძლია. იცით, გიორგი, 2019 წლამდე საქართველოში არასდროს ვყოფილვარ. მას მერე, ქვეყანას რამდენიმეჯერ ვესტუმრე - მივეჯაჭვე მას და აღმოვაჩინე, რომ აქ კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით ნიჭიერი ადამიანი, განსაკუთრებით ახალაზრდები, რაც, ჩემი აზრით, მომავალში, საქართველოს დიდებულ ქვეყანად გარდაქმნის.

დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, წვლილისა და მონაწილეობისთვის და ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამ საშინელი სამი წლის მერე, საქართველოში კვლავაც გიხილავთ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები