მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ბაზარზე ქართული ყველის ახალი ბრენდი "მზიური“ გამოჩნდება

61cb0cd93ec22
ინგა მურუსიძე
02.01.22 13:20
1797
ბაზარზე წელს ქართული ყველის ახალი ბრენდი "მზიური" გამოჩნდება. როგორც bm.ge-ს „დორანი ფერმის“ დამფუძნებელი მამუკა წილოსანი უყვება, ყველის საწარმოო დანადგარები უკვე შეძენილია.

"ყველის წარმოება პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ. ინვესტიცია ჩვენი არ არის, არც საწარმო, ჩვენ უბრალოდ რძეს ჩავაბარებთ და ისინი ყველს აწარმოებენ. ვიქნებით პარტნიორები და რეალიზაციაზეც ერთად ვიზრუნებთ. პირველ ეტაპზე, დაგეგმილია "გაუდას" სახეობის ყველის და მეგრული სულგუნის წარმოება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ტურიზმის აღდგენის ტენდენციაზე. ვფიქრობთ, ყველის რეალიზაცია, ძირითადად, რესტორნებში მოვახდინოთ და ისინი ვერ იმუშავებენ, თუ მომხმარებელი არ ეყოლათ", - განაცხადა მამუკა წილოსანმა.

რაც შეეხება თავად „დორანის ფერმას“ და მის განვითარებას, მამუკა წილოსანის თქმით, ფერმაში ამჟამად 160 სული საქონელი ჰყავთ და ამ დროისთვის მხოლოდ რძის წარმოებით არიან დაკავებული, რომლითაც მხოლოდ კომპანია „სანტე“ მარაგდება.

„გვყავს “ჰოლშტეინის“ და „შვიც ბრაუნის“ ჯიშის საქონელი. წლების წინ რძით ვამარაგებდით „აგროჰაბს“, თუმცა ახლა რძით მხოლოდ „სანტეს“ ვამარაგებთ და ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ როცა თავად დავიწყებთ ყველის წარმოებას, ალბათ ნაწილობრივ მიწოდებაზე გადავალთ“, - განაცხადა წიკლაურმა.

მთავარი პრობლემა, რაც „დორანის ფერმას“ პანდემიამ შეუქმნა, ინფლაცია და შესაბამისად, გაძვირებული საწვავი, საკვები და გაზრდილი კომუნალური გადასახადებია, თუმცა რძის ფასი არ იმატებს და ეს კომპანიებისთვის ძალიან რთულია.

„ყველაფერი გაგვიძვირდა და ამიტომაც არის, რომ ზოგი ფერმა დაიხურა, ზოგი დაპატარავდა, ზოგიც ვეღარ ვითარდება; ნამდვილად რთულ დღეში ვართ. ამ ბიზნესში,, დღესდღეობით სახარბიელო მდგომარეობა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე რძის დეფიციტია და ყველა გეხვეწება, რომ მას ჩააბარო. ფასი არ იმატებს“, - აღნიშნა წიკალურმა.

„დორანის ფერმაში“ 12 ადამიანია დასაქმებული. ფერმა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმაა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წელს შეიქმნა. ფერმაში ჯამურად 1,705,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 1,336,500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები