მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ელექტროენერგიის ტრანზიტი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა

6391ee4b98515
მარიამ ვარადაშვილი
08.12.22 23:30
690
2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის ტრანზიტი 2.9-ჯერ გაიზარდა და 2.1 ტვტ.სთ შეადგინა. ეს ზრდა თურქეთის ბაზარზე გაზრდილ ფასს უკავშირდება.

ტრანზიტის 96.1% სწორედ თურქეთის მიმართულებით განხორციელდა, აქედან 83.5% პროცენტული პუნქტი აზერბაიჯანიდან და 12.6% რუსეთიდან. ტრანზიტის დანარჩენი 3.9% რუსეთიდან სომხეთში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზიტი საკმაოდ მგრძნობიარეა თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების მიმართ: 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის ივნისამდე ტრანზიტი არ განხორციელებულა თურქეთის ბაზარზე დაბალი ფასების გამო, ხოლო 2021 წლის მეორე ნახევარში თურქეთში ფასების ზრდასთან ერთად აღდგა და გაიზარდა ტრანზიტის მოცულობაც.

რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, 2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.5% და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის 78.8% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 10.3% აზერბაიჯანიდან და 11% სომხეთიდან.

აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა.
“ამ ელექტროენერგიას რუსეთი გვაწვდის „სპეციალურ“ ფასად (რომელიცკვტ.სთ-ზე 0.5 აშშ ცენტზე ნაკლებია). ეს სპეციალური ფასი მნიშვნელოვნად ამცირებს იმპორტი საშუალო შეწონილ ფასს - 2022 წლის 10 თვეში იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტს შეადგენდა. ელექტროენერგიის იმპორტის კომერციული ფასი ბევრად მაღალია”,-აცხადებენ Galt & Taggart-ში.

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასი წლიურად 62%- ით გაიზარდა და საშუალოდ კვტ.სთ-ზე 7.5 აშშ ცენტი შეადგინა სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 7.4 აშშ ცენტი შეადგინა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასი კვტ.სთ-ზე შეადგენდა 7.0 აშშ. ცენტს ოქტომბერში (2021 წლის ოქტომბერთან შედარებით 42.3%- ით მეტი). მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში აფხაზეთის რეგიონისთვის ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა, ამიტომ ეს არის რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წმინდა კომერციული ფასი.

ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსმა დადებითი 40.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის 10 თვეში ექსპორტიდან შემოსავალმა 84.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტის ხარჯი 40.7მლნ აშშ დოლარი იყო. ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა ზემოთ აღწერილ თურქეთის საბაზრო ფასის ზრდას უკავშირდება, ხოლო იმპორტის ფასის ზრდა არ იყო ისეთივე მნიშვნელოვანი. საქართველო კვლავაც რჩება ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორ ქვეყანად, მიუხედავად თანხაში გამოსახული დადებითი სავაჭრო ბალანსისა.

2022 წლის 10 თვეში, ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობამ 1.3 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტზე გავიდა 1 ტვტ.სთ, შედეგად წმინდა იმპორტმა 0.3 ტვტ.სთ შეადგინა.

ორგანიზაციის ცნობით, წმინდა იმპორტის მოცულობა, სავარაუდოდ, უფრო მეტად გაიზრდება წლის ბოლომდე. ეკონომიკისა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის წლიური ბალანსი იმპორტის შემდგომ ზრდას პროგნოზირებს 2.3 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, წმინდა იმპორტი 1.3 ტვტ.სთ-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები