მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს გალფის ქვეყნებიდან ასი ათას ტურისტს ველოდებით” - ნოდარ გიორგაძე

63de4fd08c527
გიორგი არონია
04.02.23 21:09
6555

“არაბული სამყაროსთვის, საქართველო უნიკალური ადგილია, სადაც მათი ინტერესები გამოიკვეთა და სხვათა შორის, ჩვენ არ მოგვითხოვია მათი შემოსვლა - ისინი თავად ჩამოვიდნენ, ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, იქნებ შემოგვიშვათო, ჩვენ კი სერვისს შემოვიტანთ და ხალხს ჩამოვიყვანთო”, - ასე პასუხობს “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი და ინვესტორი ნოდარ გიორგაძე BMG TV-ის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ შემოვიდა ბაჰრეინული კომპანია Gulf Hotels Group-ი “ჯინო ფერედაისის” მენეჯმენტში.

ნოდარ გიორგაძის შეფასებით, დასასვენებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯმენტში მსოფლიოში მეტად სახელგანთქმული კომპანიის შემოსვლა დადებითად აისახება “ჯინო ჰოლდინგის” სასტუმროებისა და აკვაპარკის დატვირთულობაზე. “წელს, მათი დაპირებით, საქართველოში სამოცდაექვსი ათასი ტურისტი უნდა შემოვიდეს მარტო გალფის ქვეყნებიდან, მარტო Gulf Hotels Group-ის მეშვეობით - ეს ჩვენთან, მაგრამ გარდა ამისა, ისინი სხვა სასტუმროებსაც დატვირთავენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ამგვარად, წელს, მათგან ასი ათასამდე ტურისტს ველოდებით”, - აღნიშნავს ნოდარ გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ Gulf Hotels Group-ი “ჯინო ჰოლდინგის” რამდენიმე ქართული პროექტის მართვაში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შემოვიდა. თავის დროზე, ამ სიახლეს ნოდარ გიორგაძე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ ინვესტიციად თვლიდა. “ეს პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მე მჯერა, რომ Gulf Hotels Group-ის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა განავითარებს და ჩვენს სასტუმროს და აკვაპარკს საქართველოში მნიშვნელოვან ტურისტულ ატრაქციად აქცევს,”- ამბობდა “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე 2022 წლის მარტში.

მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილებაზე ნოდარ გიორგაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა, ამჯერად Forbes Talks-ის ფორმატში, სადაც ბაჰრეინულ კომპანიასთან თანამშრომლობის ასპექტები განავრცო. ინვესტორის შეფასებით, არაბული ქვეყნები საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად არიან მომართულნი, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის ახლო მდებარეობა, სასიამოვნო კლიმატი და ქართული სტუმართმოყვარეობა.

“თუ აკვირდებით, ბოლო წლებში, არაბული სამყარო საქართველოთი განსაკუთრებით დაინტერესდა. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან ფრენის ხანგრძლივობა, მაგალითად, ორ საათს შეადგენს, ხოლო კლიმატი - უნიკალურია. იქ რომ პაპანაქებაა და როგორც იტყვიან, ყველაფერი იწვის, ჩვენთან ნორმალური ზაფხულია 35-38 გრადუსით. ზამთარი და თოვლი, რომელიც არაბული სამყაროსთვის საერთოდ უცხო ხილია, ჩვენთან უხვადაა. ამგვარად, აქ ჩვენთან ორ საათში ჩამოფრინდება და კურშაველში წასვლა აღარ დასჭირდება, რომელიც, ამავდროულად, ძალიან ძვირიცაა. საქართველოში ფასებიც უკეთესია და ქართული მენტალობა და ტუმართმასპინძლობა მუშაობს. ჩვენ ხომ შუალედური პოზიციის დაკავება არ შეგვიძლია: რაღაც უნდა გვეზიზღებოდეს ან ძალიან გვიყვარდეს, მაგრამ ტურიზმში და სტუმარმასპინძლობაში მართლა ჩემპიონები ვართ”, - ამბობს ნოდარ გიორგაძე BMG TV-სთან საუბრისას.



Gulf Hotels Group-ის შესახებ:



Gulf Hotels Group-ი ბაჰრეინის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 1967 წელს დაფუძნდა, ხოლო პირველი სასტუმრო Gulf Hotel-ი 1969 წელს გახსნა. ამჟამად, კომპანია წარმოდგენილია, როგორც ბაჰრეინში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, შრი-ლანკაზე, ტანზანიაში, ზანზიბარში და საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები