მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს კაკლის რეკორდული მოსავალი გვაქვს - ნუშისა და კაკლის მწარმოებელი ასოციაცია

63728d2e2d892
თინათინ ნატმელაძე
14.11.22 22:55
676
საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელი ასოციაციის დირექტორის ლერი ტაბატაძის განცხადებით კაკლის წარმოება წლიდან წლამდე იზრდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებულ ბაღებს ასახელებს, რომლებიც მსხმოიარობაში უკვე შევიდა.

როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში’’ თქვა, მოსავლის გაზრდასთან ერთად, ფერმერების ცნობიერებაც ამაღლდა და მოთხოვნაც აქტიური გახდა.

"მოლოდინი იყო, რომ ექსპორტს 90%-ით ჩავანაცვლებდით, თუმცა, იმდენად გაზრდილია შიდა მოხმარება, რომ ბოლომდე ვერ დავაკმაყოფილეთ, შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ბაზარზე ქართული მოსავალი აღარ იქნება. კაკლის 75% გაყიდულია, უფრო მეტად დარჩენილია ნიგვზის სახით, რომელიც იმტვრევა და ნელ-ნელა შემოდის ბაზარზე. ე.წ. რითეილერები, რომლებიც აქამდე იმპორტით იყვნენ დაკავებული, ადგილობრივ ბაღებზე გადაერთნენ, ამის მიზეზი ისაა, რომ როდესაც ადგილზე ყიდულობ პროდუქციას, რისკები ბევრად ნაკლებია, ასევე არ გიწევს ტრანსპორტირება, იკლებს ხარჯები, მცირდება დრო და რაც ყველაზე მთავარია, გაქვს გარანტია, რომ რასაც უკვეთავ, იმ პროდუქციას მიიღებ,’’ - განაცხადა ლერი ტაბატაძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მისი თქმით, ქართული კაკლის ბაღების მოსავლით ძირითადად ჰორეკა სექტორია დაინტერესებული, მაგრამ, მათი მთავარი მიზანი ევროპის ბაზარზე გასვლაა.

"მოსავალი სამ დარგში ნაწილდება - რითეილი, გადამუშავება და ფერმერები. რითეილში ყველაზე მსხვილი კლიენტი ჰორეკა სექტორია, რომლებიც ტკბილეულს ამზადებენ, საახალწლო სუფრიდან გამომდინარე მოთხოვნა დეკემბრის დასაწყისიდან საგრძნობლად იზრდება, შესაბამისად ფასიც არა ნორმალიზებულად მაღლა იწევს. იანვრიდან ისევ სტაბილურია, ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეა. ჩვენ მიმართ დაინტერესება უცხოეთის ბაზრისგანაც იზრდება, რადგან კაკლოვანი კულტურა ყველგან ძალიან პოპულარულია. ჩვენთვის მთავარი მიზანი ევროპის ბაზარზე გასვლაა, რადგან სტაბილურია, გადამხდელ უნარიანია და ბევრ რისკებს არ შეიცავს. სატესტო რაოდენობით პროდუქცია ექსპორტზე საფრანგეთში, გერმანიაში და იტალიაში გავგზავნეთ, ველოდებით მათგან უკუკავშირს, რომ გავითვალისწინოთ რას ითხოვენ და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი,’’ - აცხადებს ლერი ტაბატაძე.

რაც შეეხება ქართული კაკლის საფასო პოლიტიკას, ასოციაციის დირექტორი აცხადებს, რომ მისი ხარისხი და საფასური საკმაოდ მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და ევროპული ქვეყნების ფასსაც კი უტოლდება.

"მსოფლიოს მასშტაბით კაკლის ფასი განსხვავებულია, მაგალითად, აშშ, ჩილე, უკრაინა, ჩინეთი, მოლდოვა - ეს ქვეყნები შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ და შესაბამისად დაბალი ფასიც აქვს, ევროპული პროდუქცია კი ბევრად უფრო ხარისხიანია, უფრო ხარისხიანადაც ამუშავებენ და საბოლოოდ, მიღებული პროდუქტიც ორჯერ ძვირადღირებულია. ჩვენი პროდუქციის წლევანდელი გაუტეხავი კაკლის ფასი შიდა ბაზარზე 8-10 ლარს შორის, კაკლის ზომიდან გამომდინარე, მერყეობდა, კაკლის გულის საფასური კი 20-25 ლარი იყო, რაც მაღალ საფასო კატეგორიად ითვლება და ევროპულ ფასსაც კი უტოლდება,’’ - ამბობს ლერი ტაბატაძე.

ცნობისთვის: კაკლის წლევანდელმა მოსავალმა წინასწარი ინფორმაციით 2.5 ათასი ტონა შეადგინა, გაშენებული ბაღების დაახლოებით 98% ჩინდლერის ჯიშის არის, რომლის საერთო ფართობი 5500 ჰექტარს შეადგენს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ნაყოფის გამოღება ჯერ არ დაუწყია, რაც ლერი ტაბატაძის ცნობით, იძლევა იმის მოლოდინს, რომ შემდეგ წლებში კაკლის მოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება. ქვეყანაში ამჟამად 6 თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა სიმძლავრეც 5 წლის მოსავლის გადამუშავებას უტოლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები