მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს მაღალი დონის არტისტების ბუმი იქნება, ველოდებით ₾100 მლნ-ზე მეტ შემოსავალს” - ღარიბაშვილი

64465bee67480
ანუკა ჯოხაძე
24.04.23 14:47
1208
6 კონცერტი და 3 განსხვავებული ლოკაცია - პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით წელს სახელმწიფო სუბსიდირებით კონცერტების მორიგი სერია ახალი კამპანიის - "სტარინგ ჯორჯიას" სახელით გაიმართება. საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. რამდენს იხდის გადასახადის გადამხდელი უკვე დაანონსებულ კონცერტებში, ეს ჯერ გასაჯაროებული არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის წლევანდელი ბიუჯეტი არც დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე დააკონკრეტა. მისი თქმით, საქართველო წელს დაგეგმილი კონცერტების მეშვეობით ქვეყნის პოპულარიზაციიას გაზრდის, შემოსავლის სახით კი 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

“BLACK SEA ARENA-ს მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს. წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების და მათი კონცერტები გაიმართება.

აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ საუბარი იყო თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან ჩვენ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსავლებს ველოდებით. შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონზე ლარზე საუბარი. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პრესტიჟი.

ამას ჩვენ გავაგრძელებთ და ძალიან კარგი სიახლეები გვექნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი”-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, წელს "ბლექ სი არენას" ახალი კამპანიის ფარგლებში 6 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები