მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% სტუდენტი გახდა - სოფიო გორგოძე

612cc8081aeb4
BM.GE
30.08.21 16:05
707
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ჩარიცხულ სტუდენტებს ულოცავს.

მისი თქმით, 2021 წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% გახდა სტუდენტი.

"ეს პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ემთხვევა გასული წლის მაჩვენებელს (75%). პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში. გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები