გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ წელს რთველის სუბსიდირება უკვე დაგეგმილია. როგორც მან bm.ge-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წელს სახელმწიფოს ინტერვენცია მოუწევს, თუმცა ეს იქნება მილევადი.
„შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ წელს სუბსიდირება იქნება, ეს გათვალისწინებულია ბიუჯეტში, მათ შორის ღვინის ნაწილში. დეტალებს მოგვიანებით გეტყვით. იქნება პირდაპირი სუბსიდირებაც და არაპირდაპირიც. გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში არის ჩავარდნა და იქ სახელმწიფოს მოუწევს შესყიდვა, თუმცა ბევრი სამუშაოა ჩატარებული იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო გაჯანსაღდეს, მიკვლევადობა გაუმჯობესდეს. მიმდინარეობს სრული ელექტრონული პასპორტიზაცია და კადასტრის პროგრამა. ქვეყანაში სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძენი კონკრეტული ვაზის დონემდე იქნება მიკვლევადი. ეს აუცილებელი პირობაა, რაც არ უნდა რთული იყოს. ამ სამუშაოებს ვატარებთ მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი ირწმუნება, რომ რთველისთვის დაგეგმილია ახალი მოწყობილობების შეძენა, თუმცა წელს მთელ ქვეყანაში მისი განთავსება ვერ მოესწრება, ამიტომ საპილოტედ, ერთ-ერთი რეგიონი იქნება არჩეული და პროექტიც იქ განხორციელდება. საუბარია შაქრიანობის მზომავი დანადგარების შეძენაზე, რომელიც ყურძნის ტექნიკურ პარამეტრებს გაზომავს. შესაბამისი ტექნიკის შესყიდვისთვის გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ყურძნის ფასი სწორედ მისი ხარისხისა და კონდიციურობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „იმისათვის, რომ 2021 წლის რთველი ორგანიზებულად იქნეს ჩატარებული და, ერთი მხრივ, ჭარბი მოსავალი არ დარჩეს გადაუმუშავებელი, ხოლო მეორე მხრივ ყურძნის ფასი განისაზღვროს მისი ხარისხისა და კონდიციურობის გათვალისწინებით, საჭიროა, შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ყურძნის მიმღები პუნქტები აღიჭურვოს ყურძენში ავტომატური შაქრის მზომის დანადგარებით“, - წერია დოკუმენტებში.
„ დარწმუნებული ვართ, რომ 2022 წელს მაღალი სტანდარტების რთველი ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ალკოჰოლურ სასმელებზე ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, ეს არ აკომპენსირებს მათ შორის წინა წლებში დაგროვილ პრობლემებს. არსებობს მარაგები როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელწმიფო სექტორში. ამიტომ ინტერვენცია სახელმწიფოს მოუწევს, თუმცა ეს უნდა იყოს მილევადი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და ღვინის სექტორში გარდამტეხი ცვლილებები დააანონსა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა საღვინე მასალის და საბრენდე სპირტის გაყიდვა უჭირს - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, სადაც დღეს უშედეგოდ დასრულდა 104 აუქციონი, რომლითაც 5.9 მილიონ ლარად 810 ათასი ლიტრი ღვინო, მათ შორის 186 ათასი ლიტრი ხვანჭკარა, 542 ათასი ლიტრი ალექსანდრეულ-მუჯურეთული და 70 ათასი ლიტრი ოჯალეში იყიდებოდა.
აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო 9.5 ათასი ლიტრი ცოლიკაური და 2.5 ათასი ლიტრი უსახელოური. ეს ბოლო 2 თვის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინის უკვე მეოთხე აუქციონია. წინა სამ აუქციონზეც სარეალიზაციოდ გამოტანილი ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაიყიდა. დაბალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვნის ღირებულება 44%-ით შეამცირა.