მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რუსთავში 100 ლიფტის ჩანაცვლება იგეგმება, დაიხარჯება 5 მლნ ლარი - მერია

648868db59515
ანუკა ჯოხაძე
14.06.23 10:00
991
ამორტიზებული ლიფტების პრობლემა თბილისის მსგავსად რუსთავშიც გამოწვევაა. კანონით ლიფტების ამხანაგობები ვალდებული არიან, რომ ლიფტებს ტექნიკური ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ ჩაუტარონ, თუმცა კანონის აღსრულება არ ხდება, რის გამოც ეს საკითხი წლებია გადაუჭრელია.

რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ძველი ლიფტების ჩანაცვლების პროგრამაში ქალაქში გასულ წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. რუსთავის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მოსახლეობის თანამონაწილეობა არ არის, ისე როგორც თბილისში.

ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ რუსთავში ლიფტების დიდი ნაწილი დღეს უფასოა, რაც მისი საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო, თუმცა, მისი თქმით, არსებობს გამონაკლისებიც, სადაც მოსახლეობამ თავად არ ისურვა ლიფტების საფასურისგან გათავისუფლება.

ლაცაბიძე ამბობს, რომ პროგრამა წელსაც გაგრძელდება და დაახლოებით 100 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდება, რაშიც 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“შარშან 3 მილიონი ლარის ახალი ლიფტები შევიძინეთ. მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის დროს, რომელიც პრემიერის მხარდაჭერით ხორციელდება, 60-მილიონიანი პროექტია, აბსოლუტურად ყველა იმ კორპუსში, სადაც რეაბილიტაცია მოხდა, შეიფუთა შენობები ენერგოეფექტური მასალებით და ყველა კორპუსში არის ახალი, ევროპული უსაფრთხო ლიფტები დამონტაჟებული.

წელს 5 მილიონი ლარის ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს და დაიწყება უახლოეს პერიოდში. უკვე გადაცემული გვაქვს იმ ლიფტების მისამართები, რომელიც ყველაზე მეტად არის უკიდურესად დამძიმებული, თავისი ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე.

დაახლოებით 50 000 ლარი იყო თითო ლიფტის ღირებულება და მოსახლეობის თანამონაწილეობა იყო გამორიცხული. ჩვენ მივხვდით, რომ მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფდა ამ თანხის შეგროვებას. ამიტომ რუსთავის მერიამ ეს სრულად თავის თავზე აიღო.

ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და დაპირებაა, რომ რუსთავში 1200-ვე ლიფტი იყოს თანამედროვე და რაც ყველაზე მთავარია უსაფრთხოება არის ის, რისთვისაც ეს პროგრამა დავიწყეთ.”-ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები