ეროვნული ბანკი საქართველოში 2022 წელს 9%-იან ინფლაციას მოელის. ამის შესახებ დღეს კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაღალი ინფლაციის გამო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ დონეზე შენარჩუნდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ წელს საქართველოში სავარაუდოდ, 3-4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.
“ჩვენი პროგნოზით, 3-4%-ს შორის იქნება რეალური ზრდა ამ წელს, თუმცა კვლავ მაღალია გაურკვევლობები. ფაქტორები, რომლებიც მთლიანად გლობალურ ეკონომიკას დაამჩნევს კვალს, არის ინფლაციური პროცესები. სამწუხაროდ, კონფლიქტმა ახალი ბიძგი მისცა ამას. FAO-ს სურსათის ინდექსი ახალ რეკორდულ დონეზე ავიდა, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასები არის გაზრდილი. ეს არის გამოწვევა, რადგან საჭირო იქნება როგორც მინიმუმ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. აქაც დგას ის კითხვის ნიშნები, რომლებიც გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. იმ პროგნოზით, რომელიც ჩვენ გვაქვს ინფლაცია იქნება, დაახლოებით, 9%-ის დონეზე.
ისევ და ისევ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს დაამჩნევს კვალს, ექსპორტს, იმპორტს ასევე უნდა დავაკვირდეთ ტურისტულ შემოსავლებს. არ ველით, რომ იქნება დიდი გაუარესება მიმდინარე ანგარიშის,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3%-ია ანუ ქვეყანაში წელს სამიზნესთან შედარებით სამჯერ მაღალი ინფლაცია იქნება.
30 მარტს ეროვნულმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაზარდა.




























