2022 წლის განმავლობაში საქართველო საერთაშოროსო ტურიზმიდან 3.2 მილიარდზე დიდ შემოსავალს მიიღებს - ამ პროგნოზს Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე აკეთებს. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ქავთარაძემ განაცხადა, რომ წელს სავარაუდოდ ტურიზმის შემოსავალი პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის პირველ 9 თვეში საქართველოში შემოსულმა 3.3 მილიონმა ვიზიტორმა ადგილობრივ ეკონომიკაში 2.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამასთან, მესამე კვარტალში მიღებული თანხა 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ლაშა ქავთარაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წელს საქართველომ ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან რეკორდულად დიდი 7-მილიარდიანი შემოსავალი მიიღოს.
“რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებს, 2.5 მილიარდი დოლარი გვაქვს უკვე 9 თვეში, ტურიზმის შემოსავალმა მესამე კვარტალში 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის დონეზე მთლიანად აღდგეს ტურიზმი და ფაქტობრივად მივიღოთ შემოსავალი 3.3 მილიარდი. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ფულადი გზავნილები 4 მილიარდამდე იქნება,”- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარის შემოსავალს ელის. 2025 წლისთვის კი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, ქვეყანა ტურიზმიდან 5.2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარი მიიღო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა 563 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა დახარჯეს. 235 მილიონი დოლარის დანახარჯებით მეორე ადგილზე თურქეთიდან შემოსული ვიზიტორები იყვნენ, ხოლო ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯებმა 210 მილიონი დოლარი შეადგინა.




























