მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ვაშლის რეკორდული მოსავალი გვაქვს, თუმცა ექსპორტი შემცირებულია - ასოციაცია

63a082f5c73f1
თათია ჩაფიჩაძე
21.12.22 10:00
500
საქართველოდან ვაშლის ექსპორტი გასული წლების მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია, მოსავალი კი ფაქტობრივად, რეკორდული. East Fruit-ის მონაცემებით, თუ შარშან მოსავალი 90 ათას ტონას შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 130 ათას ტონამდეა გაზრდილი. ექსპორტის კლების მიზეზებზე საუბრისას ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი დაბალ ხარისხს ასახელებს.

„საქმიანი დილის“ ეთერში ბეჟიტაშვილმა განმარტა, რომ გაზრდილია მთავარ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთში კონკურენციაც. რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის ვაშლის ფასი 0.8 - 1.00 ლარამდე მერყეობს.

„მოსავალი წელს საკმაოდ დიდია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ხარისხიანი, შესაბამისად ექსპორტის მოცულობები არ არის იმ თანაფარდობის, როგორიც უნდა იყოს. სეზონი ჯერ მაინც წინ არის, ეტაპობრივად ზრდა ფიქსირდება. ახლა საერთო რაოდენობის ალბათ 10%-ია ექსპორტირებული, წინა საახალწლო პერიოდი დატვირთვით მიდის და ზრდას ველოდებით ახალი წლის შემდეგ.

რუსეთსაც ვაშლის დიდი მოსავალი ჰქონდა, ასევე, ამ ქვეყანას ყირგიზეთთან და სომხეთთან საერთო საბაჟო სივრცე აქვს, აქედანაც შედის განუბაჟებლად დაბალ ფასად, რაც კონკურენციას ზრდის. ჩვენი პროდუქცია ამ ეტაპზე გაიაფებული არ არის, კარგი ხარისხის ვაშლის ფასი 80 თეთრიდან 1 ლარამდეა.

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის დიდი ნაწილი წელსაც რუსეთზეა დამოკიდებული. დაახლოებით 1 ლარიდან იწყება მანდარინის ფასიც. ციტრუსი წელს ნაკლებია, 40 ათას ტონას ვარაუდობდნენ, თუმცა მგონი ამდენიც არ არის, აქედანაც ბევრია დაბალი ხარისხის. როდესაც რაოდენობა ნაკლებია, ხარისხი მატულობს ხოლმე, მაგრამ წელს, სამწუხაროდ, კლიმატური პირობების და ფერმერების მოვლის გამოც უკეთესი სურათი არ გვაქვს. განათლების და აგროწესების დაცვის გარეშე ვერ მივიღებთ ხარისხიან პროდუქციას და თუ ხარისხი და ფასი არ იქნება შესაბამისი, ის ვერ იქნება კონკურენტული", - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები