სამესიჯო აპლიკაცია WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ნერგავს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემთ, ერთმანეთს ტელეფონის ნომრის გამჟღავნების გარეშე, მხოლოდ უნიკალური მომხმარებლის სახელების (usernames) გაცვლით დაუკავშირდნენ.
კომპანიის განცხადებით, ეს ფუნქცია გლობალურად ჩაეშვება და პლატფორმის სამ მილიარდამდე მომხმარებლისთვის მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი.
მიმდინარე კვირიდან მომხმარებლებს აპლიკაციაში სასურველი სახელის დაჯავშნა უკვე შეუძლიათ, თუმცა ეს სავალდებულო არ იქნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს საკუთარი სახელის წაშლა ან შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
ფუნქციის სრულად გააქტიურების შემდეგ, WhatsApp-ის მომხმარებლები დაკავშირებას მხოლოდ სახელების გაცვლით შეძლებენ.
მომხმარებლის სახელის სიგრძე მაქსიმუმ 35 სიმბოლოთი განისაზღვრება და შეზღუდვები მინიმალური იქნება, გარდა გავლენიანი ოფიციალური პირებისა და ცნობილი ადამიანების სახელებისა, რომლებიც სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
Meta-ს მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ ახალი ფუნქცია კონფიდენციალურობის დაცვის საშუალებად შეაფასა.
ელის ნიუტონ-რექსმა, WhatsApp-ის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ მომხმარებლებისგან ხშირად ესმოდათ, რომ მათ სხვებთან დასაკავშირებლად საკუთარი ტელეფონის ნომრის გაზიარება ყოველთვის არ სურდათ, განსაკუთრებით ჯგუფურ ჩატებში.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ფუნქცია "მომხმარებლებს მისცემს კონტროლს იმაზე, თუ როგორ სურთ გამოჩნდნენ" აპლიკაციაში.
როგორ უნდა დაჯავშნოთ მომხმარებლის სახელი?
Meta-ს განცხადებით, WhatsApp-ის მომხმარებლის სახელები "მომდევნო თვეების განმავლობაში ეტაპობრივად" ჩაეშვება და მომხმარებლებს მიუვათ შეტყობინება, როდესაც მათი სახელის ფუნქცია გააქტიურდება.
მათ, ვისაც სურს WhatsApp-ში მომხმარებლის სახელის დაჯავშნა, ამის გაკეთება აპლიკაციაში საკუთარი ანგარიშის ან პროფილის პარამეტრებიდან შეეძლებათ.
შესაბამისი ოფცია პარამეტრებში ფუნქციის ჩაშვებისთანავე გამოჩნდება, თუმცა მიუწვდომელი იქნება WhatsApp Web-სა და დესკტოპ ვერსიაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კონტენტის შემქმნელებს, მცირე ბიზნესსა და ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ იგივე სახელები, რაც მათ Instagram-სა თუ Facebook-ზე აქვთ, იდენტურობის შესანარჩუნებლად.
თუმცა, ნებისმიერ სხვა მომხმარებელს, ვისაც სურს WhatsApp-ის სახელი Meta-ს სხვა აპლიკაციებში არსებულ სახელებს დაამთხვიოს, ანგარიშების დაკავშირება დასჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მონაცემების ნაწილი გაზიარდება Meta-ს სხვადასხვა ანგარიშებს შორის, როგორიცაა Threads და Messenger.
WhatsApp-ის განცხადებით, მომხმარებლის სახელის ფუნქცია მათ ტელეფონის ნომრის კონფიდენციალურობის დაცვაში დაეხმარებათ: ფუნქციის სრულად ამოქმედების შემდეგ, ტელეფონის ნომრები WhatsApp-ში აღარ გამოჩნდება.
პლატფორმაზე არ იარსებებს მომხმარებლის სახელების საჯარო კატალოგი, ხოლო ტელეფონის ნომერი კვლავინდებურად საჭირო იქნება WhatsApp ანგარიშის შესაქმნელად.




























