მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს ოფისი: ვიცით მთავრობა ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური ზომის აღდგენას განიხილავს

60fd9485cb582
BM.GE
25.07.21 19:58
987
"ვიცი, რომ სამინისტროც და ენსიდისი-ც ძალიან ყურადღებით აკონტროლებენ სიტუაციას და ისინი არ გამორიცხავენ, ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური ზომის ხელახლა შემოღებას, თუკი ამის საჭიროება დადგება,"- ამის შესახებ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ გადაცემა "ანალიტიკასთან" საუბრისას განაცხადა. დომენტეს თქმით, WHO შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ყოველთვის დაბალანსებული მიდგომის მომხრეა

"ჩვენ ყოველთვის დაბალანსებული მიდგომის მომხრე ვართ. ყველა ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რისკების შეფასების საფუძველზე და იმის საფუძველზე, თუ რის შესაძლებლობას იძლევა ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სურათი. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს: პანდემიისგან გადაღლა, გავლენა ეკონომიკაზე და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვაქცინაციით დაფარვა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია - ამდენად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ვიცი, რომ სამინისტროც და ენსიდისი-ც ძალიან ყურადღებით აკონტროლებენ სიტუაციას და ისინი არ გამორიცხავენ, ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური ზომის ხელახლა შემოღებას, თუკი ამის საჭიროება დადგება,"- განაცხადა სილვიუ დომენტემ. 

ინტერვიუში WHO-ს ოფისის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოში ვაქცინაციის ტემპით ვერავინ იქნება კმაყოფილი. 

"არ მგონია, რომ ვინმე კმაყოფილი იყოს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზი იყო ვაქცინების რაოდენობა. ვიცით, რომ საქართველო ძალიან ადრეულ ეტაპზე იყო უკვე მზად მასობრივი ვაქცინაციისთვის, მოამზადა ძალიან დეტალური ეროვნული გეგმა, გაწვრთნა ადამიანები - მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამ დრომდე საკმაოდ ცოტა ვაქცინაა შემოსული. თუმცა, იმ ვაქცინებიდან, რაც საქართველომ მიიღო, ათვისების მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი - დაახლოებით 97%. ვაქცინების ნაკლებობა იყო და ამიტომ ვერ მოხერხდა მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. ახლა საქართველომ დამატებით მიიღო 1 მილიონი ვაქცინა და ველოდებით, რომ რეალური მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მიზანი, რომ სექტემბრის ბოლომდე გლობალურად მოსახლეობის სულ მცირე 10% იყოს აცრილი, 40% - დეკემბრამდე და 70% მომავალი წლის შუამდე. ეს გლობალური სამიზნეებია. საქართველო კიდევ უფრო შორს წავიდა და მიზნად დაისახა წლის ბოლომდე აცრას მოსახლეობის 60%. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიზანს,"- აცხადებს სილვიუ დომენტე. 

კითხვაზე თუ როგორ შეეძლო მოსახლეობისთვის დაწესებული ჯარიმების ჩამოწერას ეპიდემიურ ვითარებაზე მოეხდინა გავლენა, სილვიუ დომენტე პასუხობს, რომ ისინი ჯარიმებით თუ მათ გარეშე საქართველოს მოსახლეობის კეთილგონიერებას ენდობიან. 

"მოდი ასე ვთქვათ, ჯარიმები არ არის ყველაზე კარგი საშუალება. ჩვენ ვენდობით საქართველოს მოსახლეობის კეთილგონიერებას. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მონდომებით იცავდა წესებს და რეგულაციების მიმართ ხალხის მორჩილების დონე იყო ძალიან მაღალი. ჩვენ ქცევაზე დაფუძნებულ კვლევებს რეგულარულად ვატარებთ და ვიცით, რომ მოსახლეობას ეკეთა პირბადე, იცავდა ეპიდემიოლოგიურ და ჰიგიენის წესებს - ეს მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. უკეთესია, რომ წესებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერება ავამაღლოთ, ვიდრე მხოლოდ ჯარიმებზე ვიყოთ დამოკიდებული,"- ამბობს სილვიუ დომენტე. 



WHO-ს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუკი ეპიდემიური ვითარების მკვეთრი გამწვავება მოხდა და ჯანდაცვის სისტემა მკვეთრი დატვირთვის ქვეშ მოექცა, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული ქვეყანაში ლოქდაუნი ან მკაცრი შეზღუდვა გამოცხადდეს

"თუ რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, თუ ჯანდაცვის სისტემა დატვირთვას ვერ აუვა - მაშინ ამის გამორიცხვა შეუძლებელია. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს,"- აცხადებს სილვიუ დომენტე. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები