ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცახდებს, რომ COVID-19-თან გასამკლავებლად ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ქვეყნებმა 800 მლნ დოლარი გამოყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ დაწესებული სამიზნე თანხა 1.7 მლრდ დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაციას მოსალოდნელზე 900 მილიონი დოლარით ნაკლები თანხა გამოეყო.
„პანდემიის დაწყვებიდანვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დღე და ღამე დაუღალავად მუშაობდა, რათა თავისი წვლილი შეეტანა გლობალურ საპასუხო ღონისძიებებში, ორგანიზაციის სამივე დონის ფარგლებში – ის ეხმარებოდა ქვეყნებს ტექნიკური რჩევებით, იყო პოლიტიკური სოლიდარობის კატალიზატორი, ახდენდა რესურსების მობილიზებასა და კოორდინირებას“, - განაცხადა გებრეისუსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორს წერილი გაუგზავნა და დაემუქრა, რომ დაფინანსებას სამუდამოდ შეუჩერებს, თუ ორგანიზაცია 30 დღის განმავლობაში მუშაობას არ გააუმჯობესებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. ტრამპის განცხადებით, ამერიკა ორგანიზაციას 400-იდან 500 მილიონ აშშ დოლარამდე აფინანსებს წელიწადში.