მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსზე კონტროლის შეწყვეტა სახიფათოა და საზოგადოებამ ვირუსის პოლიტიზირებისგან თავი უნდა შეიკავოს. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გებრეისუსის თქმით, ადამიანებს გადარჩენაში „მეცნიერება, სოლიდარობა და სწორი გადაწყვეტილებები“ დაეხმარება.
„ყური უნდა დავუგდოთ მეცნიერებს, რადგან ისინი ვირუსის შესახებ სიმართლეს აჟღერებენ და იძლევიან რჩევებს, როგორ შევაჩეროთ, გავუმკლავდეთ და კონტროლს დავუქვემდებაროთ ვირუსის გავრცელება. ბევრი ქვეყანა მიყვება მეცნიერების მოწოდებებს და შესაბამისად, იქ ვირუსის გავრცელებაც დაბალია. ასევე, დაბალია ლეტალობის შემთხვევებიც“, - განაცხადა გებრეისუსმა.
ამასთან, ის ფიქრობს, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებისთვის ვირუსზე კონტროლის შენარჩუნება მათი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და მთავრობებმაც და მოქალაქეებმაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
„კორონავირუსი ძალიან საშიშია, თუ მას თავის ნებაზე გავუშვებთ, მივიღებთ საოცარ ქაოსს და თან ეს მაშინ, როდესაც ჯერ ვაქცინა ხელმისაწვდომი არაა“, - განაცხადა გებრეისუსმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის: მსოფლიოში ჯამში 43 551 700-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 1 161 811 ადამიანი შეეწირა.