რუსული ელექტრონული კომერციის გიგანტი Wildberries-ი მუშაობს კომპენსაციების გაცემის მექანიზმზე იმ "სელერებისთვის", რომლებმაც მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში, კომპანიის საწყობებზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად პროდუქცია დაკარგეს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ტატიანა კიმმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რიტეილერი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 2 მილიონ რუბლს, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაშავებულებს 1 მილიონ რუბლს გადაუხდის.
„ჩვენი პარტნიორები ასევე შეშფოთებულნი არიან ჩვენს ობიექტებში შენახული საქონლის კომპენსაციის საკითხით. საგანგებო ვითარებისა და დაკარგული პროდუქციის ანაზღაურების სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, ჩვენ უკვე ვანგარიშობთ გამყიდველებისთვის გადასახდელი კომპენსაციების მოცულობას და ვამუშავებთ ფინანსური მხარდაჭერის სხვა ზომებს. დეტალურ ინფორმაციას გადახდებისა და მათი მიღების წესების შესახებ პარტნიორთა პორტალზე ეტაპობრივად განვათავსებთ“, - განაცხადა კიმმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში Wildberries-მა გამყიდველებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი დაამატა, რომელიც კომპანიას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, თუ ის ნაკისრ ვალდებულებებს დრონების თავდასხმის გამო ვერ შეასრულებს. მიუხედავად ამ ფორსმაჟორული დათქმისა, რიტეილერმა პარტნიორების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
შეგახსენებთ, Wildberries-ის გაყიდვების პლატფორმა, ათეულობით გატანის ცენტრით, 2024 წლიდან საქართველოშიც მუშაობს. 2025 წლიდან კი - ამ ონლიანმაღაზიას საქართველოში წარმოებული პროდუქტების ნუსხაც დაემატა.




























