„პრემიერ ჯგუფმა“ წინანდალში, სასტუმრო „შატო წინანდალი“ გახსნა, რომელიც დამსვენებელს 15 იანვრიდან უმასპინძლებს. სასტუმრო
თავდაპირველად სატესტო რეჟიმში იმუშავებს, თებერვლიდან კი ოფიციალურად გაიხსნება.
„შატო წინანდალი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3500 კვ.მ. მიწის ფართობზეა განთავსებული და სასტუმროსთან ერთად, ღია საცურაო აუზსა და ღვინის მარანსაც აერთიანებს.
“Bed and Breakfast” ტიპის სასტუმროში 15 ნომერია და 30 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს.
როგორც „პრემიერ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, თინათინ დიდავამ BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, სასტუმრო ყველა სეგმენტისა და გემოვნების მქონე ადამიანზეა გათვლილი, ფასები კი ხელმისაწვდომია. კერძოდ, ერთი ნომრის ღირებულება, საუზმის ჩათვლით, 120 ლარია.
„“შატო წინანდალი“ ნამდვილი კახური ტიპის სასტუმროა, რომელიც იმ ტრადიციებზე დაყრდნობით ავაშენეთ, რაც ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. სასტუმრო დამსვენებელს არაერთ ისეთ აქტივობას სთავაზობს, როგორიცაა: პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მარანში ღვინის დეგუსტაცია და სხვა. სასტუმროში მოსულ სტუმრებს ჩვენი წარმოებული ნატურალური, ქვევრის ხუთი სახეობის ღვინო დახვდება, ესენია: რქაწითელი, მწვანე რქაწითელი, საფერავი, კაბერნე და მწვანე. რაც შეეხება კვებას, ამ ეტაპზე მხოლოდ საუზმე გვაქვს, თუმცა ვმუშაობთ მენიუს ფორმირებაზეც, რომელიც ფიქსირებული იქნება. გარდა ამისა, ჩვენს სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიების გამართვის შესაძლებლობაც ექნებათ, იქნება ეს დაბადების დღე თუ კორპორაციული წვეულება“, - აცხადებს „პრემიერ ჯგუფის“ დამფუძნებელი, თინათინ დიდავა.
„შატო წინანდალი“ 2 მლნ ლარის ინვესტიციით გაიხსნა. ამ ეტაპზე სასტუმროში 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ცნობისთვის: „პრემიერ ჯგუფი“ პრემიუმ კლასის სასმელების მწარმოებელი და იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს არაერთი სახეობის ბელგიურ და ჰოლანდიურ ლუდს, ასევე იტალიურ, ესპანურ და ავსტრიულ ღვინოს, მზა კოქტეილებსა და სადღესასწაულო სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.