ქართული ღვინის კრისტალებისგან შექმნილი უნიკალური აქსესუარები და საკვები პროდუქტები ექსპორტზე აშშ-ის ბაზარზე, აიოვას შტატში გავა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის Wine Diamond-ის დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ექსპორტის შესაძლებლობა პირდაპირი შედეგია Open World-ის პროგრამაში მონაწილეობისა, რომლის ფარგლებშიც Wine Diamond-ის გუნდი ივნისში აშშ-ში იმყოფებოდა და ადგილობრივ ბიზნესებს შეხვდა.
„ცოტა ხნის წინ მივიღეთ წერილი და საექსპორტოდ ვამზადებთ როგორც ღვინის სამკაულს, ასევე ღვინის მარილს, რომელსაც ასევე მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ. ეს არის ღვინისა და მარილის კომბინაცია. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ღვინო არის არა მხოლოდ სასმელი არამედ ის შეიძლება გამოვიყენოთ სამკაულში, ასევე საკვებში“, - აღნიშნა აბულაძემ.
მისი ინფორმაციით, პირველი პარტია ექსპორტზე სექტემბერშივე გავა, დაახლოებით 100 ბოთლი ღვინის მარილითა და 400 სხვადასხვა ერთეული სამკაულით.
აღნიშნული პროდუქცია გაიყიდება ამერიკულ მაღაზიაში, რომელიც სპეციალიზებულია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ხელნაკეთ ნივთებსა და უნიკალურ საკვებზე. თამარ აბულაძის თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა პროდუქციაში დაინახეს უნიკალურობა და ეკოლოგიური ღირებულება, რაც აშშ-ის ბაზარზე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ამ თანამშრომლობას ვუყურებთ, როგორც მუდმივ პარტნიორობას. გვჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა შტატში, სხვადასხვა მიმართულებითაც გამოჩნდება. ამ ეტაპზე უკვე ვგეგმავთ ახალ ვიზიტს და კალიფორნიის შტატში ბაზრის კვლევას, სადაც ასევე გვაქვს სურვილი, შევიტანოთ ჩვენი პროდუქცია“, - თქვა მან.
მისივე ცნობით, საექსპორტო ფასი ადგილობრივი ღირებულებისგან განსხვავებული იქნება, რისი განმაპირობებელიც აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებით და ტრანსპორტირების ხარჯებია : “საერთო ჯამში დაახლოებით 30%-ით მეტი ღირებულებით გაიყიდება. მით უმეტეს, რომ ხელნაკეთ ნივთებზე უცხოელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ფასსაც. იმიტომ, რომ გამორიცხულია ხელნაკეთი ნივთი რომელშიც ამხელა რესურსი და იდეა დევს, ღირდეს ძალიან იაფი. უბრალოდ ნდობაც არ აქვთ“, - აცხადებს თამარ აბულაძე.




























