მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ჯვრის ორგანიზაცია თბილისის მერიას და ცენტრალურ მთავრობას მადლობას უხდის

5e88b9b28111c
BM.GE
04.04.20 20:43
2195
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ნაბიჯების გამო, გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ“, - აცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჯაგან ჩაპაგაინი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს დროულს, ეფექტურსა და პროფესიონალურს უწოდებს. ამასთან, თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს.

გენერალური მდივანი თავის მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, მოხალისეთა ერთობლივად მობილიზებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

ჯაგან ჩაპაგაინი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიმართ გამოხატული აქტიური მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის და ვირუსის პრევენციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.

„კორონავირუსის საპასუხოდ, საქართველოს წითელმა ჯვარმა მობილიზება გაუკეთა და დაატრენინგა 5 000–ზე მეტი მოხალისე, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას COVID 19–ის შეკავებასა და დაძლევაში დაეხმარებიან. თბილისის მერიასთან რეკრუტირების, სწავლების, ზედამხედველობისა და მოხალისეთა მხარდაჭერის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც გაფორმდა. ეს სამუშაო ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ეროვნული საზოგადოების მოხალისეები პირველად დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველ 13 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც რჩებიან შინ და ინფექციისგან თავს იცავენ. სხვა საქმიანობათა შორისაა, ფართომასშტაბიანი რისკის კომუნიკაცია ყველა საკვანძო პოპულაციასთან მისაღწევად.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 39 ფილიალის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურია და როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციის წევრი, დაუყოვნებელი წვდომა აქვს ინფორმაციაზე საპასუხო მოდელების, ინსტრუმენტების, სახელმძღვანელო მითითებებისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ქსელის მიდგომებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ფედერაცია ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს წითელ ჯვარს, რათა განახორციელოს მისი, როგორც საზოგადოებრივი ხელისუფლების დამხმარის ფუნქცია ჰუმანიტარულ სფეროში, როგორც ეს დადგენილია „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და „საქართველოს წითელი ჯვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე“ , - აღნიშნულია წერილში.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყველა საჭირო დახმარებით უზრუნველყოს, როგორც პანდემიის დროს, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამასთან, დედაქალაქის მერსა და მერიის თითოეულ თანამშრომელს დროული და ეფექტურად განხორციელებული ღონისძიებებისთვის მადლობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძეც უხდის და კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში სათანადო ზომების გატარების მზადყოფნას გამოთქვამს.

მისივე შეფასებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები