2025 წელს Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან 6800 ფრენა განახორციელებს, მოგზაურებს 1.8 მილიონზე მეტ ადგილს (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტი) შესთავაზებს და 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი (6.7%-ით მეტი) მიიღო, ხოლო ფრენების შესრულების საშუალო მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა. უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში ოპერირების 2025 წლის შედეგებს აფასებს.
Wizz Air-ის 2025 წლის მიმოხილვა ოპერაციულ ზრდას, ახალი მიმართულებების განვითარებას, მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას და მდგრადობის პრინციპებს მოიცავს, რაც კომპანიის ხედვით საქართველოს ავიაბაზრისთვის გრძელვადიან სტაბილურობასა და ევროპასთან ხელმისაწვდომ ავიამიმოსვლას უზრუნველყოფს.
მათი ინფორმაციით, 2012 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
„2025 წელს Wizz Air-მა კვლავ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით. იანვარ–სექტემბრის პერიოდში ავიაკომპანიამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც ადასტურებს კომპანიის სტაბილურ ოპერაციულ პოზიციას და მაღალ მოთხოვნას ქართულ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია პოზიციებს 2018 წლიდან არ თმობს და ინარჩუნებს ბაზრის უცვლელი ლიდერის სტატუსს. მიღწეული შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონში მზარდი კონკურენციის ფონზე და მიუთითებს იმაზე, რომ Wizz Air-ის დაბალბიუჯეტიანი მოდელი კვლავ რჩება ხელმისაწვდომი ავიამიმოსვლის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატივად საქართველოში“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, 2025 წელს Wizz Air-ის სტრატეგიული აქცენტი კვლავ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე გაკეთდა.
„წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ გააფართოვა პირდაპირი ფრენების ქსელი და დაამატა ახალი მიმართულებები ევროპაში, მათ შორის ლიონისა და ვენეციის მიმართულებით. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის იანვრიდან, ქუთაისის აეროპორტს დაემატება ბრატისლავას მიმართულებაც.
ახალი რეისები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს პირდაპირ ავიაკავშირს ევროკავშირის ქვეყნებთან და ხელს უწყობს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე საგანმანათლებლო და შრომით მობილობას. დღეს Wizz Air ქუთაისიდან სხვადასხვა ქვეყანაში ათეულობით მიმართულებით ოპერირებს“, - ნათქვამია 2025 წლის მიმოხილვაში.
კომპანიის ინფორმაციით, Wizz Air-ი 250 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით ოპერირებს. 2025 წელს Wizz Air-ი 63,4 მილიონი მგზავრისთვის სასურველი არჩევანი გახდა. Wizz Air-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით არის განთავსებული. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“ იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახან, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.




























