მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია - თიბისი კაპიტალი

64abdeab1124c
BM.GE
11.07.23 09:30
648
სტატიაში საუბარია:
წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, ამ მხრივ, არგუმენტები სავალუტო რეზერვების შევსების გარდა, კვლავ ლარის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარება და ჯამურად სამიზნეზე დაბალი ინფლაციაა, რომელიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ივლისში 0.6%-დან კიდევ შემცირდება.

„თავისთავად, ეს ინფლაციის აღქმისა და მოლოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, ვფიქრობთ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება“, - წერია ყოველკვირეულ განახლებაში.

შეგახსენებთ, რომ თავად სებ-ის პროგნოზების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი გეგმავს გააგრძელოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. ამჟამად ეს განაკვეთი 10.5%-ზეა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, წელს კიდევ 1 პპ-ით შემცირდება.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისა და პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-დან 10.5%-მდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 21 ივნისის სხდომაზე კი განაკვეთი უცვლელი დატოვა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა განაკვეთს 11%-ზე.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 2 აგვისტოსაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები