მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ფარგლებში შენარჩუნდება - ოთარ ნადარაია

ოთარ ნადარაია

“თიბისი კაპიტალის" მოლოდინით, მიმდინარე წელს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

როგორც ანალიტიკური ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა BMG-ის განუცხადა, გეოპოლიტიკური რისკების და ასევე აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების ფონზე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წელს ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი დამატებით შეამციროს.

ოთარ ნადარაიას განცხადებითვე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო. ამასთან, თიბისი კაპიტალი ელის, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ინფლაცია 3%-მდე დაჩქარდება.

„ჩვენი საბაზო პროგნოზია, რომ მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ფარგლებში იქნება, ამიტომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნამდვილად მოლოდინების შესაბამისი იყო. როგორც გვახსოვს, აქამდე შედარებით მკვეთრი ბიჯებით მოხდა განაკვეთის შემცირება, თუმცა ახლა შემდგომ შერბილებას აღარ ველოდებით. აქ, რა თქმა უნდა, ისეთი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, როგორიცაა საგარეო ვითარება, გეოპოლიტიკური რისკები და ასევე შიდა ფაქტორები, სავალუტო კურსთან დაკავშირებული სენტიმენტები. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია აშშ-ში არსებული განაკვეთები. როგორც წესი, აშშ-ში არსებულ განაკვეთებს სხვა ცენტრალური ბანკებიც ითვალისწინებენ ხოლმე და იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის შერბილება ჯერჯერობით არაა მოსალოდნელი, ეს გარკვეულ გავლენას ეროვნული ბანკის პოლიტიკაზეც მოახდენს. რაც შეეხება ინფლაციას, ველოდებით, რომ წლის განმავლობაში ფასების დონე სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება, წლის ბოლოს 3%-მდე დაჩქარდება, ხოლო წლიური საშუალო მაჩვენებელი 1.8% იქნება“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით იმის მიუხედავად რომ ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი ნიშნულის ქვემოთ ნარჩუნდება, სებ-მა განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მომეტებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე სებ-ის ფრთხილი მიდგომით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები