"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას მაკროეკონომიკური გარემო იძლევა.
როგორც ნადარაიამ BMG-სთან აღნიშნა, რეფინანსირების განაკვეთის კლების შედეგად, ლარში სესხების წახალისებაა მოსალოდნელი, თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მომხმარებლებმა გადაწყვეტილება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე არ მიიღონ.
„რა თქმა უნდა, ლარის სესხებს ეს წაახალისებს, თუმცა როგორც ყოველთვის, ჩვენი რჩევაა, არ მივიღოთ გადაწყვეტილება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე და გავითვალისწინოთ შემოსავალი რა ვალუტაში გვაქვს, სავალუტო კურსის პროგნოზები და ალტერნატიული სცენარები. ხშირად რჩება მხედველობის მიღმა, რომ დოლარში ბინის გაძვირების ნახევარზე მეტი ლარის კურსზე მოდის“,- ამბობს ნადარაია.
რაც შეეხება მოლოდინებს, ოთარ ნადარაიას თქმით, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-თან ახლოს იქნება, ვინაიდან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ სხდომებზე, მსგავსი მკვეთრი შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია.
„არ ვთვლი, რომ სებ-ის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო. თუ გლობალურად რაიმე კატაკლიზმა არ მოხდა, ასევე ადგილობრივად სავალუტო შემოდინებები არ შესუსტდა, სხვა გარემოება, რომ მაღალი ინფლაცია მივიღოთ, პრაქტიკულად გამორიცხულია. ინფლაცია წლის ბოლოსთვის 3%-ის ფარგლებში და უფრო ნაკლები იქნება.
განაკვეთის ასეთი შემცირების ფონზე, ერთი მხრივ შეიძლება ლოგიკურია, რომ პროგნოზი შევამციროთ, თუმცა ალბათ, რაც შესამცირებელი იყო, თავიდანვე შემცირდა, ვიდრე ეს იმისი ნიშანი იყოს, რომ მომდევნო კომიტეტის სხდომებზე ასეთივე აგრესიული შემცირება გაგრძელდება. ვთვლი, რომ წლის ბოლოსთვის დაახლოებით 8% საბაზო სცენართან ახლოსაა“, - ამბობს ეკონომისტი.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.