“თიბისი კაპიტალში” ელიან, რომ 2026 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 8%-იდან 7.5%-მდე შემცირდება.
როგორც “თიბისი ჯგუფის” მთავარმა ეკონომისტმა BMG-ის განუცხადა, ამ მოლოდინის სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, როგორც ინფლაციის ტემპის მოსალოდნელი შემცირება, ასევე სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება.
“ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო განაკვეთის უცვლელად დატოვება. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც პრინციპში რაც გვქონდა ჩვენ ივნისის პროგნოზი, დაახლოებით 4.5% წლის ბოლოს, ამ ფარგლებში ვართ ისევ. მართალია ბოლო პერიოდში წლიური ინფლაცია გაიზარდა, თუმცა თუ შევხედავთ ყოველთვიურ ინფლაციას, ანუ თვე თვესთან, რა თქმა უნდა, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, ინფლაცია უკვე სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა. ამას დრო სჭირდება და ინფლაცია დაუბრუნდება თავის სამიზნე მაჩვენებელს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პროგნოზი ასეთია.
როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, რისკები და გაურკვევლობა, როგორც ყოველთვის, ბევრია. ასევე გასათვალისწინებელია როგორია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამერიკაში, იმიტომ, რომ აშშ-ში [განაკვეთის] შემცირება ჩვენზეც მოქმედებს იცით, რომ [ფედერალურმა რეზერვმა] ცოტა ხნის წინ შეამცირა განაკვეთი და სავარაუდოდ, მომავალ წელს ერთი შემცირება კიდევ იქნება. ბოლო პერიოდში ეს პროგნოზები ძალიან ხშირად იცვლება, მაგრამ ესეც პოზიტიური ფაქტორია. მთლიანობაში, სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასაც დავამატებდი, რომ ჭარბი მიწოდებაა ისევ სავალუტო ბაზარზე და ესეც ყოველ შემთხვევაში შემთხვევაში განაკვეთის შემცირების არგუმენტია. ამიტომ ჩვენი სცენარია, რომ დაახლოებით 7.5% იქნება მომავალი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი”, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით 4.8%-მდე შემცირდა, მაინც მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდეს.



























