"ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული წარმომადგენლობის უფროს მრჩევლად, პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 92-ე გენერალურ სესიაზე, საქართველოს წარმომადგენელი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე წარადგინეს", - ამის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, სესიაზე ვასილ ბასილაძემ რეგიონში მიმდინარე და მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებების ეფექტიანი კონტროლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
"საქართველო კვლავ აქტიურად იქნება ჩართული ორგანიზაციის დღის წესრიგით დადგენილი სტანდარტების დანერგვის პროცესში და განახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ცხოველთა დაავადებების პრევენციას და კონტროლს", - განაცხადა ვასილ ბასილაძემ
ვასილ ბასილაძე, 2019 წლიდან დღემდე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა; არის საქართველოს მთავარი ვეტერინარი და WOAH-ის დელეგატი საქართველოდან. იგი 2021 წლიდან WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალური მდივნის პოზიციაზე დაინიშნა და ორჯერ იქნა არჩეული ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული წარმომადგენლობა 53 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორისა ევროკავშირის, ბალკანეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნები, ასევე თურქეთი, ისრაელი და დიდი ბრიტანეთი.
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH) 183 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაცია წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში; ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს, აწესებს ცხოველთა სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის სტანდარტებს, რომლებიც ეხმარება ქვეყნებს დაავადებების აღმოფხვრაში და ცხოველებითა და ცხოველური პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფაში




























