მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანია არბიტრაჟში დავისთვის იურისტებს 3.5 მილიონად ქირაობს

634c37464db06
BM.GE
16.10.22 20:28
1453
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა, რომელიც რეგიონების წყალმომარაგებაზე არის პასუხისმგებელი. კომპანია ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ასობით მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანიც რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი სისტემების მონტაჟია. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დაქირავებულ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყდა. შესყიდვების სააგენტოს თანახმად, ამ კონტრაქტორებთან საარბიტრაჟო დავებია მოსალოდნელი, რის გამოც კომპანია საერთაშორისო იურიდიული ფირმის დაქირავებას გეგმავს. ამაზე კი 3,550,000 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.

"მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მიმდინარე ხელშეკრულებებიდან 2022 წელს შეწყდა 2 (ორი) ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში კომპანიამ უნდა დაიწყოს სამართლებრივი დავა ყოფილ კონტრაქტორებთან. სამართლებრივი დავა წარიმართება საერთაშორისო არბიტრაჟში. ასევე, რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში, კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებლო ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის გამო, პროექტების საერთაშორისო ზედამხედველი ინჟინერი, კომპანიას აძლევს პროექტების შეწყვეტის რეკომენდაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს დავასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა (სამართლებრივი დასკვნის მომზადება, დავების საბჭოში საჩივრის ან შესაგებლის წარდგენა და წარმომადგენლობა) და კომპანია საჭიროებდეს საერთაშორისო იურიდიული კომპანიებისაგან იურიდიულ კონსულტაციას იმისთვის, რომ შემდგომში დავების საბჭოში ან საერთაშორისო არბიტრაჟში კომპანია არ დადგეს გამოუვალი ვითარების წინაშე.

აგრეთვე, სამართლებრივი პროცედურების დაწყებისთვის საჭიროა შესაბამისი დასკვნის მომზადება, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა სწორად შეფასდეს ფინანსური და სამართლებრივი რისკები,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რომელ კონტრაქტორებთან იგეგმება საარბიტრაჟო დავების წამოწყება. ასევე უცნობია რამდენი მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებისთვის იდავებს სახელმწიფო კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები