ილონ მასკის მფლობელობაში არსებული სოციალური ქსელის, X-ის სარეკლამო შემოსავლები მიმდინარე წელს 2.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდება, რაც ბოლო ათწლეულის მინიმალური მაჩვენებელია.
X-ის, ანუ ყოფილი Twitter-ის შემოსავლების დრამატული გაუარესება პირდაპირ კავშირშია კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებებთან და იმ ფაქტთან, რომ უმსხვილესი კომპანიები სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსებაზე უარს ამბობენ.
მოგეხსენებათ, სოციალური ქსელის მთავარი შემოსავლის წყარო რეკლამებია და გამონაკლისი არც X არ არის. ასეთ დროს ჩნდება ერთი ლოგიკური შეკითხვა - როგორ აპირებს ილონ მასკი სოციალური ქსელის ფინანსურად გადარჩენას?
ამ კითხვაზე პასუხი შეგვიძლია არა უშუალოდ სოციალურ ქსელში, არამედ ხელოვნურ ინტელექტში ვეძიოთ. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, ილონ მასკის xAI-მ საინვესტიციო რაუნდი გამოაცხადა, კომპანიის წილის სანაცვლოდ, მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს რაუნდი საკმაოდ მოცულობითია, რადგან ამ დრომდე, კომპანიას მხოლოდ 135 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა მოზიდული.
როგორც თავის დროზე გახდა ცნობილი, X-ის აქციონერები ახალი კომპანიის 25%-იან წილს მიიღებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი აქციონერის წილის სანაცვლოდ გეგმავს ილონ მასკი მილიარდი დოლარის მოზიდვას.
შეგახსენებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანია ილონ მასკმა ნოემბერში დააფუძნა და მის მთავარ მისიას ბაზარზე არსებული სხვა ნეირონული ქსელების განმავითარებელ კომპანიებთან კონკურენცია წარმოადგენდა, მათ შორის OpenAI-სთან, რომლის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი თავად ილონ მასკი იყო. xAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, სახელად Grok-ი X-ის, იგივე Twitter-ის მონაცემებს იყენებს და შექმნილია იმისთვის, რომ “მომხმარებელთა კითხვებს ენაკვიმატად უპასუხოს”.
სწორედ xAI შეიძლება იქნეს ყოფილი Twitter-ის გადარჩენის ნაწილი და სოციალურმა ქსელმა ხელოვნური ინტელექტის მონაცემებით გამოსაკვები პლატფორმის ფუნქცია შეითავსოს, თავად X Corporation-მა კი შემოსავლის მიღება შეძლოს და ილონ მასკის $44-მილიარდიანი შენაძენი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ გარიგებად არ იქცეს.