პრემიერის ირაკლი კობახიძის პოსტს, სადაც ის იტალიას, რუმინეთს, ესპანეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, X-ზე განმარტება დაემატა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მცდარია. პოსტი საქართველოს მთავრობის X-ის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა და მომხმარებელთა აქტიურობის გამო, რომლებმაც დეზიფორმაციად მონიშნეს, ეს განმარტება დაერთო.
"ირაკლი კობახიძის განცხადება რუმინეთზე, იტალიასა და ესპანეთზე არასწორია. ესპანეთმა, რუმინეთმა და იტალიამ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომელიც ამ განცხადებას ეწინააღმდეგება. სამივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომელიც არ ემთხვევა კობახიძის განცხადებებს".
იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ მხარი დაუჭირეს 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სანქციებს. X-ზე ინფორმაცია გაავრცელა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და წერია, რომ კობახიძემ მათი პოზიცია არასწორად წარმოადგინა.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ხუთ ქვეყანას, მათ შორის იტალიასა და ესპანეთს მადლობა გადაუხადა "ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის".
16 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა, თუმცა 27 ქვეყანა ვერ შეთანხმდა მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სანქციები უნგრეთმა დაბლოკა.