მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძრის მიუხედავად, ახალი ოლიმპიური სასახლის მშენებლობა 15 აპრილს დასრულდება - ”საბა კონსტრაქშენი”

621cd0805a2d4
ანუკა ჯოხაძე
01.03.22 09:11
1827
გუშინ უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც, შენობის ნაწილი დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზარალი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა როგორც კონტრაქტორი კომპანიის დირექტორი BM.GE-თან აცხადებს, მიუხედავად ხანძრის შედეგად წარმოქნილი ზიანისა, ადგილზე სამუშაოები აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდება.

“მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება, რომელზეც ინფორმაცია ალბათ უახლოეს დღეებში გვექნება. ხანძარი გაჩნდა შენობის გარე პერიმეტრზე, სადაც სამუშაოები აღარ მიმდინარეობდა. კონკრეტული ზიანის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, მიდის აღწერა. რაც შეეხება ვადებს, ვადები უკვე განსაზღვრულია და პროექტი წინასწარ განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. მშენებლობა 15 აპრილს დასრულდება, ხოლო დანადგარების ტესტირება - 15 მაისს. ამ ვადებში იქნება დასრულებული ყველაფერი. მშენებლობა დაზღვეულია, უნდა დადგინდეს მიზეზი, რის შემდეგად დადგინდება ვინ აანაზღაურებს ზარალს", - აცხადებს კომპანია “საბა კონსტრაქშენის” დირექტორი ლევან თარგამაძე.

ცნობისთვის, უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალი ოლიმპიური სპორტის სასახლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2019 წელს მამუკა ბახტაძემ დაანონსა. ამის შემდეგ კი უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რისთვისაც 71 მილიონი ლარი გამოიყო.

პროექტი 2021 წლის ივნისში უნდა დასრულდებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ობიექტზე სამშენებლო პროცესების დასრულების თარიღმა 2021 წლის ნოემბრამდე გადაიწია.

ამასთან, საქართველოს გასული წლის 4 დეკემბერს “კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის” ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი ესტუმრა, რომელიც თბილისში Eurobasket 2022-ისთვის განკუთვნილი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებული იყო.

ამის შემდეგ პროექტის დასრულების ვადები კიდევ შეიცვალა და მისი დასრულება 2022 წლის აპრილამდე გადავადდა. 20 მილიონით გაიზარდა პროექტის ღირებულება და ჯამში, 91 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები