მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარვეზები, რაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის პრივატიზაციას ახლავს - აუდიტის დასკვნა

61a203eb1670a
ელენე გოგბერაშვილი
27.11.21 14:55
1105
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებულების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია მათ შორის სააგენტოს მხრიდან ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზეც.

ამის მაგალითად აუდიტს "ჰუალინგისთვის" ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის პრივატიზაცია მოჰყავს. საუბარია 4 210 კვ. მეტრ ფართზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ჰუალინგს მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის პირობით, აუქციონის გზით, 9,4 მლნ დოლარად მიჰყიდეს. ინვესტორს საინვესტიციო ვალდებულება 2019 წლის იანვრისთვის უნდა უზრუნველყო.

აუდიტის ანგარიშში საუბარია, რომ ინვესტორმა დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები, რის მიზეზადაც დასახელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან სასტუმროს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების დროში გაჭიანურება. არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა 2019 წლის 26 ნოემბერს, რომლის მიხედვით, მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი.

"2019 წლის 12 დეკემბერს სააგენტოსა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით, 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის პირგასამტეხლო შეიცვალა სიმბოლური ერთი ლარის ოდენობით.

"აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების პერიოდი პირდაპირ არ არის გადავადებული, თუმცა ფაქტობრივად სიმბოლური პირგასამტეხლოს დაკისრებით, კომპანიას მიეცა ვალდებულების 2023 წლის 27 ოქტომბრამდე შესრულების უფლება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვალდებულების შესრულება არ არის უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბანკო გარანტია უნდა შეადგენდეს საინვესტიციო ვალდებულების 10%-ს. მოცემულ შემთხვევაში კი, საინვესტიციო ვალდებულების თანხობრივი ოდენობა განსაზღვრული არ არის"-ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტი დასკვნაში აღნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონის წესით გასხვისებულ ქონებასთან დაკავშირებით, ინვესტორს პირობით შეუმცირა პირგასამტეხლო, იმ გარემოების მიუხედავად, რომ ვალდებულებები იყო შეუსრულებელი.

ამასთანავე იმის გამო, რომ საინვესტიციო ვალდებულებების მოცულობა არ იყო განსაზღვრული, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეუძლებელი გახდა საბანკო გარანტიის მოთხოვნა. შესაბამისად, ინვესტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუდიტი ამბობს, რომ  სააგენტოს დარიცხული პირგასამტეხლოს ამოღების მიზნით, შესაძლოა, დაუდგეს სასამართლო დავის წარმოების საჭიროება, რაც პირგასამტეხლოს ამოღების პროცესს დროში გაახანგრძლივებს.

აუდიტი ეკონომიკის სამინისტროს მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაშვებული არ არის საპრივატიზებო პირობების შეცვლა, 2013 წლიდან განხორციელებულ აუქციონებზე. ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მყიდველებისაგან დამოუკიდებელი, ობიექტური და დასაბუთებული მიზეზების არსებობისას მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს შესაბამისი რეგულაციები, რაც სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად დაადგენს საპრივატიზებო პირობების შეცვლის შესაძლებლობებს.

საინვესტიციო ვალდებულების თანხობრივი გამოხატულების არარსებობის შეთხვევებთან მიმართებით, აუდიტს მიზანშეწონილად მიაჩნია,  ინიცირებულ იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების თაობაზე და შემუშავდეს გარანტიის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები