შვედური ავტომწარმოებელი, Volvo, საკუთარ ძველ მოდელებზე აღმოჩენილი უსაფრთხოების ბალიშების პრობლემების გამო 460,769 ავტომობილს უკან გამოიხმობს. როგორც აღმოჩნდა, აირბაგების პრობლემა იმდენად დიდია, რომ საავარიო სიტუაციის შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.
უფრო კონკრეტულად, პრობლემა აირბაგის აქტივატიზაციას ეხება საავარიო სიტუაციისას. კომპანიამ შეერთებული შტატების უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს განუცხადა, რომ ინციდენტისას აირბაგში მოთავსებულმა ინფლატორის ფრაგმენტმა სიცოცხლის მოსპობაც შეიძლება გამოიწვიოს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, Volvo-სათვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფატალური ინციდენტის შესახებ არის ცნობილი. შესაბამისად, სამომავლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, შვედური ავტომწარმოებელი აღნიშნული მოდელის ყველა ავტომობილს უკან გამოიხმობს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
როგორც აღინიშნა, დეფექტიანი აირბაგების მქონე ავტომობილები Volvo-ს ძველი მოდელებია. კონკრეტულად კი პრობლემები აღმოაჩნდა 2001-დან 2006 წლამდე გამოშვებულ S80 და 2001-დან 2009 წლამდე გამოშვებულ S60 მოდელებს. ავტომობილები საერთო ჯამში 2000 წლის მაისიდან 2009 წლამდე იწარმოა.
საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილთა თითქმის 50%, 259 383 ერთეული შეერთებული შტატების ბაზარზე გაიყიდა.
Volvo-მ პრობლემის შინაარსი კიდევ უფრო დეტალურად განმარტა გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ჩანს, პრობლემა დროთა განმავლობაში წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ აირბაგის გამხსნელი კაფსულა მაღალტენიანობისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში იმყოფება. ასეთ პირობებში კაფსულა დროთა განმავლობაში იწყებს გაფუჭებას და წარმოქმნის მტვრის ნაწილაკებს, რაც მოწყობილობაში ზრდის წნევას და აჩქარებს წვის პროცესს. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ კი შესაძლოა ინფლატორის გასკდომა და მასში მოთავსებული ლითონის ფრაგმენტების მგზავრებზე გაფრქვევა გამოიწვიოს.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანია უკან გამოხმობილ ავტომობილებზე ყველა აირბაგის უსასყიდლოდ გამოცვლას გეგმავს. Volvo საკუთარ მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ მომავალი თვის ბოლომდე შეატყობინებს.
საინტერესოა ისიც, რომ კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია, თუ რა დაუჯდება მთლიანობაში პრობლემის მოგვარება. მაგალითად, წარსულში იაპონურ ავტომიმწოდებელ Takata-ს 67 მილიონი აირბაგის უკან გამოხმობა და შეცვლა მილიარდობით დოლარი დაუჯდა, რამაც საბოლოო ჯამში კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა.
ამერიკულ უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შვედური ავტომწარმოებლის აირბაგებით მომმარაგებელი კომპანიები AutoLiv და გერმანული ZF გახლდათ.
Forbes.ge