მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოგიგანტები EV-ის წარმოების მაჩვენებლებს ამცირებენ - გასული კვირის მთავარი ავტოსიახლეები

qaveri

კვირის ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Toyota-მ ელექტრომობილების წარმოების სამიზნე მაჩვენებელი შეამცირა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota ელექტრომობილების წარმოების 2026 წლის სამიზნე მაჩვენებლები ⅓ -ით შეამცირა, რითაც იმ არაერთი კომპანიის რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც მოთხოვნის შემცირების გამო ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოების ზრდა გადაიფიქრეს.

ახალი გეგმის თანახმად, Toyota 2026 წელს 1 მილიონ ერთეულ ელექტრომობილს აწარმოებს, ნაცვლად ჩაფიქრებული 1.5 მილიონისა.

ოფიციალურ განცხადებაში ავტომწარმოებელმა განმარტა, რომ განზრახვა, 2026 წლამდე წლიურად 1.5 მილიონი ერთეული, 2030 წლამდე კი 3.5 მილიონი ელექტრომობილი აწარმოონ, უცვლელია, თუმცა აღნიშნული რიცხვები არა სამიზნე მაჩვენებლები, არამედ მეწილეებისთვის განსაზღვრული ნიშნულებია.
თუმცა მილიონი ელექტრომობილის წარმოება Toyota-სთვის ამბიციური გეგმაა - იაპონურმა კომპანიამ გასულ წელს 104 000 ელექტრომობილი გაყიდა, ჯამში კი გლობალურ გაყიდვებში მათი წილი 1%-ია.
ინფორმაციისთვის, Toyota-მდე, Ford-მა და General Motors-მა ახალი ელექტრო მოდელების წარმოება გადაავადეს ან გააუქმეს, რადგან მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.


Volvo-მ გადაიფიქრა - 2030 წლიდან, კომპანია ჰიბრიდულ ავტომობილებს მაინც გამოუშვებს

შვედურმა Volvo-მ, რომელსაც 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების გაყიდვა ჰქონდა განზრახული, გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც Volvo-ში ამბობენ, ათიდან ცხრა ავტომობილი, რომელსაც კომპანია 2030 წლისთვის გამოუშვებს ელექტრომობილი ან ფლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება, ხოლო ლიმიტირებული რაოდენობით, კომპანია მაილდ-ჰიბრიდულ ავტომობილებსაც გამოუშვებს. როგორც შვედები ამბობენ, განვითარების სტრატეგიის გადახედვა ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობით არის მოტივირებული, რომელსაც არ აქვს გავლენა სამოდელო რიგის სრული ელექტრიფიკაციის მიზანზე, რადგან მას Volvo დღემდე ინარჩუნებს. უახლესი მონაცემებით, შვედური ავტოკონცერნის სამოდელო რიგში ელექტრომობილების წილი 26% იყო, ანუ პრემიუმ ავტომობილებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტ ელექტრომობილს სწორედ Volvo აწარმოებს.

ელექტრომობილებისა და ფლაგ-ინ ჰიბრიდების ჯამურმა წილმა 48% შეადგინა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. ამ დრომდე, Volvo-ს სამოდელო რიგში ხუთ სრულად ელექტრო მოდელს ვხვდებით, ესენია: EX30, EX40, EX90, EC40 და EM90. Volvo EX30, რომელიც მცირე ზომის საქალაქო SUV-ია, ევროპაში რიგით მესამე ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია. შეგახსენებთ, რომ ელექტრიფიკაციის ბუმი, რომელიც ავტოინდუსტრიაში 2021 წელს დაიწყო, ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. თუ სამი წლის წინ, სამოდელო რიგის ელექტრიფიკაციის ამბიციური გეგმა ფაქტობრივად ყველა დიდმა თუ პატარა ავტოკონცერნმა წარმოადგინა, დღეს, ამ გეგმების უდიდესი ნაწილი უკვე ისტორიას მიეკუთვნება.

Volvo ელექტრო სატვირთოებს 2025 წლის II ნახევარში გამოუშვებს

მიუხედავად იმისა, რომ volvo-მ ელექტრიფიკაციის სტრატეგია ნაწილობრივ შეცვალა, შვედური ავტომწარმოებელი ელექტრო სატვირთო FH Electric-ის გაუმჯობესებულ მოდელზე მუშაობს, რომელიც ერთი დამუხტვით უფრო გრძელ მანძილს - 600 კმ - გაივლის. ამის შესახებ კომპანიამ თავად გაავრცელა ინფორმაცია.

Volvo-ს თანახმად, ახალი სატვირთო ბაზარზე 2025 წლის II ნახევარში გამოჩნდება და იმ მომხმარებელზე იქნება მორგებული, ვისაც უფრო გრძელი მარშრუტის გავლა უწევთ. ავტომწარმოებელმა ამას სატვირთოს პროგრამული გაუმჯობესებითა და ბატარეის ოპტიმიზაციით მიაღწია.

Volvo Trucks, რომელიც ელექტრო სატვირთოების ბაზრის ლიდერია, ახალ მოდელში ელექტრონული ღერძის ტექნოლოგიას დანერგავს, რომელიც ბატარეის მოცულობის გასაზრდელად ძრავას, გადაცემათა კოლოფსა და ღერძს ერთ ერთეულში გააერთიანებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ელექტრო სატვირთოებზე 3 წლის განმავლობაში მზარდი მოთხოვნისა და გაყიდვებით რეკორდული 2023-ის შემდეგ, წელს ბაზარი დასტაბილურდება. ამასთან, 2023 წლის მონაცემებით, ელექტრო სატვირთოების ფასები შიდა წვის ძრავიან მოდელებთან შედარებით შესამჩნევად მაღალია და 250-დან 400 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობს.


ისტორიაში პირველად, Volkswagen გერმანიაში ქარხნების დახურვას განიხილავს

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen აცხადებს, რომ, ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების გამო, კომპანია მშობლიურ მხარეში საწარმოების დახურვას არ გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ VW-ს ასევე მოუწევს 1994 წელს ამოქმედებული გარანტიის დარღვევა, რომლის თანახმადაც თანამშრომლებს კომპანიაში მუშაობა 2029 წლამდე შეუძლიათ.

Volkswagen Group-ის ხელმძღვანელი, ოლივერ ბლუმი აცხადებს, რომ ევროპული ავტოინდუსტრია სერიოზული გამოწვევის წინაშეა, რადგან ბაზარზე უცხოელი კონკურენტების წილი იზრდება, გერმანია კი ავტომობილების მთავარი მწარმოებლის პოზიციას კარგავს.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ზომები, რომლებიც ხარჯების შემცირებისთვის შეიმუშავეს, მუშაობს, თუმცა ინდუსტრიაში გაურკვევლობა უფრო იზრდება. ევროპელი მწარმოებლები გაზრდილ კონკურენციას ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანიებისგან ებრძვიან.

Volkswagen-ის ნახევარი წლის შედეგები აჩვენებს, რომ კომპანია დასახულ მიზანს - 2026 წლისთვის €10 მილიარდის გამომუშავებას - ვერ შეძლებს. VW-ს საოპერაციო შემოსავლები ერთ წელიწადში €1.64 მილიარდიდან €966 მილიონამდე შემცირდა.

გადაწყვეტილების დადასტურების შემთხვევაში, ეს ევროპაში Volkswagen-ის ქარხნის დახურვის პირველი შემთხვევა იქნება. მანამდე, საწარმო კომპანიამ ბოლოს 1988 წელს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში დახურა.


2025 წლიდან, Tesla-ს ავტომობილები სრულად თვითმართვადი გახდება

საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია, როგორც ჩანს, ილონ მასკის მთავარ დაპირებას მაინც აღასრულებს. დაანონსებიდან, მართალია, არასრული ცხრა წელი გავიდა და თავად ტექნოლოგიამ ოთხი წლით დაიგვიანა, მაგრამ 2025 წლის დასაწყისიდან, Tesla-ს ავტომობილები სრული ავტოპილოტის რეჟიმით აღიჭურვებიან. აღნიშნული სერვისი, ცხადია, ფასიანი იქნება და პირველად, ის მხოლოდ ევროკავშირში და ჩინეთში გამოჩნდება, მაგრამ ამისთვის, ილონ მასკის კომპანიამ ჯერ შესაბამისი მარეგულირებლებისგან მწვანე შუქი უნდა მიიღოს.

სრული ავტოპილოტის რეჟიმი, რომელსაც ინგლისურად Full Self-Driving, ანუ FSD ეწოდება, ილონ მასკის მიერ Tesla-ში დაწყებული AI-რევოლუციის ქვაკუთხედია, რადგან თუ მილიარდერი ამბობს, რომ Tesla ხელოვნური ინტელექტის კომპანიაა და არა - ავტომობილების, მოწყობილობებს, რომლებსაც ის ქმნის, ავტონომიურად გადაადგილება უნდა შეეძლოთ. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ FSD-რეჟიმის დროსაც კი, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია საჭესთან იჯდეს, გზას უყუროს და საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ჩაიბაროს.

ილონ მასკის ამ განცხადებას Tesla-ს ინვესტორები დადებითად შეხვდნენ. ბოლო პერიოდში, Tesla-ს ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა, რითაც ნაწილობრივ აღმოიფხვრა ის არარეალიზებული წაგება, რომელიც ილონ მასკის კომპანიამ მისი აქციების გაუფასურებით მიიღო. ბოლო ერთ თვეში, Tesla-ს აქციების ფასმა 15%-ით იმატა, ექვსთვიან ჭრილში კი, ზრდა 30%-ის ტოლია. მიუხედავად ამისა, ერთწლიან პერიოდში, Tesla-ს აქციები თითქმის 9%-ითაა გაუფასურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები