კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგი
მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ავტომწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 176 მილიარდ დოლარს აღწევს.
უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკული Tesla იკავებს, რომელიც ელექტრომობილების ინდუსტრიაში ნამდვილი პიონერია და ის ბაზრის თითქმის 60%-ს აკონტროლებს. კომპანია ბირჟაზე 576 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მისი ხელმძღვანელი, ილონ მასკი კი პლანეტის რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმეა.
უმსხვილესი ავტომწარმოებლების რეიტინგში მეორე ადგილს იაპონური გიგანტი Toyota იკავებს, რომელიც ბირჟაზე 334 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Toyota წლიურად საშუალოდ 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს და გაყიდვების მიმართულებით ის უდავო ლიდერია.
ჩამონათვალში მესამე ადგილზეა კომპანია, რომელმაც თავად შექმნა მსოფლიოში პირველი ავტომობილი, ცხადია, საუბარი გვაქვს Mercedes-Benz-ზე, რომელიც ბირჟაზე $86 მილიარდადაა შეფასებული. 137-წლიანი დომინაციის შემდეგაც კი, Mercedes-ი ისევ რჩება ავტოინდუსტრიის ეტალონად და ყველაზე თამამ ინოვატორად.
უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილზე გერმანული Porsche გვხვდება, რომელიც ბირჟაზე 83 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Porsche-ს შემთხვევაში მთავარი ფოკუსი სპორტულობაზე, მოქნილობასა და კომფორტზეა გაკეთებული, 911 კი ისტორიაში საუკეთესო სპორტულ ავტომობილად ითვლება.
ჩამონათვალში მეხუთე ადგილზე მსხვილი კონგლომერატი Stellantis-ია წარმოდგენილი, რომელიც ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა: Dodge, Chrysler, Opel, Peugeot, Fiat, Alfa Romeo, Jeep, Citroen და Maserati. ასეთი მრავალფეროვანი პორტფელით კომპანიის კაპიტალიზაცია 81 მილიარდ დოლარს აღწევს.
TOYOTA ბრაზილიაში $2.2 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს
იაპონური ავტომწარმოებელი გიგანტი Toyota ბრაზილიაში 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თანხა ახალი ქარხნის მშენებლობას მოხმარდება, რომელიც ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებაზე იქნება ორიენტირებულია.
Toyota იმ იშვიათ ავტომწარმოებელთა შორისაა, რომელიც ინვესტიციას არა ელექტრომობილების წარმოების, არამედ ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით აბანდებს, რადგან კომპანიის ხელმძღვანელს, აკიო ტოიოდას მტკიცედ სჯერა, რომ მომავალი ჰიბრიდული იქნება და არც ელექტრო.
ახალი ქარხანა, სავარაუდოდ, 2,000 ადამიანს დაასაქმებს და ის კომპანიას სამხრეთ ამერიკის ბაზარზე გაფართოების საშუალებას მისცემს.
Opel-ი ორი ახალი ელექტრო "ქროსოვერის" პრეზენტაციისთვის ემზადება
გერმანული ავტომწარმოებელი Opel-ი ორი ახალი ელექტრო ქროსოვერის პრეზენტაციისთვის ემზადება. გერმანული ბრენდი უკვე სთავაზობს მომხმარებელს 15 ელექტრიფიცირებულ მოდელს, რომელთაგან ნაწილი სრულად ელექტროა, ნაწილი კი დატენვადი ჰიბრიდები. უახლოეს მომავალში ეს დიაპაზონი კიდევ ორი მოდელით შეივსება.
მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ქროსოვერი Opel Frontera იქნება და ბრენდის ეს ლეგენდარული მოდელი თავიდან დაიბადება. ლეგენდარული, იმიტომ რომ ის პირველი ყველგანმავალი იყო რომელიც გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოუშვა, ახლა კი ჩვეულებრივი, რიგითი ელექტრო ქროსოვერი გახდება. სავარაუდოდ ახალი "ფრონტერა" 7-ადგილიან სალონს მიიღებს, სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება მეორე ელექტრომობილს. Opel-ი Grandland-ს ამზადებს სრული ელექტროფიკაციისთვის. აღნიშნულ მოდელი უკვე იწარმოება ბენზინის და ელექტროძრავის კომბინაციით, თუმცა გაცხადებულია, რომ 2024 წლის ბოლომდე Peugeot E-3008 მის პლატფორმას Grandland-ს გაუზიარებს და ახალი სრულად ელექტრო ქროსოვერის დებიუტიც შედგება.
Skoda-მ მისი ახალი ქროსოვერის პირველი ტიზერი აჩვენა
კომპანია Skoda-მ მისი ახალი ქროსოვერის პირველი ტიზერი აჩვენა. ელექტროქროსოვერის ხაზში შკოდას ოჯახს უახლოეს მომავალში ახალი ყველგანმავალი შეუერთება, რომლის პრეზენტაციაც 15 მარტს არის ჩანიშნული. ჩეხურმა ავტომწარმოებელმა ტიზერის გავრცელებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სიახლე თანამედროვე ტრენდების შესაბამისად შეიქმნა. Skoda ელექტრო კროსოვერი და ბრენდის მომავალი ელექტრომობილები მიიღებენ ახალ დიზაინს, მანათობელი ლოგოთი, ფარები მრუდი სინათლის ელემენტებით და „წერტილოვანი ხაზით“.
ელექტრო Dodge Charger-ი
Dodge-მ თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი წარადგინა. Dodge Charger-მა 100 კილოვატ საათიანი ბატარეა და სიმულირებული ძრავის ხმის სისტემა მიიღო. Charger Daytona Scat Pack 679 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 850-ია. 100 კილომეტრამდე აჩქარებისთვის კი მას მხოლოდ 3.3 წამი სჭირდება. ავტომობილს დრიფტის რეჟიმიც აქვს, მისი სახელია "დონატები", ასევე სპეციალური სტრატეგიები და კონფიგურაციები თერმორეგულაციის სისტემის მუშაობისთვის სხვადასხვა ტიპის რბოლისთვის.