მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხედავენ თუ არა მთავრობაში ეკონომიკის გადახურების ნიშნებს? - ხუციშვილის პასუხი

635f8ee522da9
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.22 13:21
686
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემებით, 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10.2%-ით გაიზრდა. მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-მ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა 9 თვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში, ხომ არ შეიცვალა ეკონომიკის გადახურებასთან მიმართებით მთავრობის შეფასება, რაზეც ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ ამ კუთხით მათი პოზიცია უცვლელია და მთავრობა ეკონომიკის გადახურების ნიშნებს ვერ ხედავს.

„თეორიულად თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს რეცესიის ძალიან მაღალი ალბათობის მოლოდინი აქვს. ძალიან ბევრი პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს, რაც აქამდეც კეთდებოდა და მათი დიდი ნაწილი არ გამართლდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზების გაკეთებაში ძალიან ფრთხილები არიან იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად ფრთხილი ვერსიით, ქვეყნისთვის მაქსიმალური ბუფერების შექმნით და ფინანსთა სამინისტროსთვის კონსერვატიული დაგეგმვით მივყვებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ქვეყანაში ჯერ კიდევ ივლისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში, ეკონომიკის გადახურების ნიშნებს ვერ ხედავდა. ეკონომიკის შესაძლო გადახურების შესახებ საკითხი ივლისის დასაწყისში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრის შემდეგ გააქტიურდა, როდესაც სებ-ი საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდას განიხილავდა. როგორც მთავრობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს რისკები არარელევანტური იყო.

გასულ კვირასც ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკაში გადახურების ნიშნები შეიმჩნევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ქვეყანაში რვა თვეში არსებული 10.3%-ის ეკონომიკური ზრდა აღემატება ზრდის იმ პოტენციურ დონეს, რომელიც მათი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ სახეზეა გადახურების ნიშნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები