ანტიბიოტიკების მწარმოებელი ქართული კომპანია “აბიფარმი” მიმდინარე წელს წარმოების 200%-ით გაზრდას და ევროპულ კომპანიებთან პარნიორობით მედიკამენტების შეფუთვა-მარკირების დაწყებას გეგმავს.
როგორც BM.GE-სთან “აბიფარმის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჭანკოტაძე ამბობს, დღეისთვის კომპანია 35 ადამიანს ასაქმებს, რომელიც პერიოდულად გადამზადებას გადის. წარმოების ახალი მიმართულების განვითარებასთან ერთად კი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას არ გამორიცხავს. კომპანიის ხელმძღვანელი სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
“მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური ხელფასები გვაქვს, ამ სფეროში საჭირო უნარების მქონე ადამიანების მოძიება რთულია. მედიკამენტების წარმოება ძალიან სკურპულოზურ და საპასუხისმგებლო სამუშაოებს მოიცავს. შესაბამისად ჩვენ არამხოლოდ ახლადმიღებული კადრების გადამზადებას, არამედ ჩვენი დასაქმებულების მუდმივ გადამზადებას ვახდენთ. არ გამოვრიცხავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა რამდენად შევძლებთ მათ მოძიებას, ამის თქმა გამიჭირდება”, - ამბობს ირაკლი ჭანკოტაძე.
ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს დღეს აქვს. “აბიფარმის” ხელმძღვანელი რუსეთ-უკრაინის გამო არსებულ ლოგისტიკურ შეფერხებებზეც საუბრობს.
“ლოგისტიკის გამო რეალიზაციის პროცესში შეფერხებები გვაქვს, რადგან მიწოდების ვადები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეფერხებებია ასევე შესაფუთი მასალების მოწოდების კუთხითაც, თუმცა ბიზნესი არსებულ რეალობაზე ადაპტირებას ცდილობს”, - აღნინავს ჭანკოტაძე.
ამ ადაპტირების შედეგია ისიც, რომ მიმდინარე წელს წარმოების ზრდასთან ერთად ბიზნესი ანტიბიოტიკების რეალიზებას ახალ საექსპორტო ქვეყნებში გეგმავს და ამასთან, 2022 წელს GMP სერტიფიკატის მიღების შემდეგ საქმიანობას ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობით შეფუთვა-მარკირების მიმართულებითაც განავითარებს.
“ევროპული კომპანიებიდან მედიკამენტების შეფუთვა-მარკირების მიზნით მოგვმართავენ. ამ კუთხით კომპანიაში ჩვენი ფართო ზრდა არის მოსალოდნელი, როგორც შუალედური მეწარმე. მედიკამენტების შესაფუთად საწარმოებს GMP სერტიფიკატი ესაჭიროებათ. ამ მხრივ დავიწყებთ ანტივირუსული პრეპარატების შეფუთვას, ფიზიოლოგიურად აქტიური დანამატების შეფუთვას, ეს მედიკამენტები გავა როგორც ევროპულ ქვეყნებში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება”, - უთხრა BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.