მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასის 15%-იანი მატება $10 მლნ-ის წლიურ ხარჯს ნიშნავს - „ჯორჯიან მანგანეზის“ განმარტება

64904054307d3
ინგა მურუსიძე
19.06.23 15:59
2674
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი, ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ სამთო მოპოვების მიმართულებით კომპანია წლებია ზარალიანია და კომპანია ამ კრიზისის დაძლევას ცდილობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თანამშრომლები ცალსახად ითხოვენ ხელფასების 20%-იან მატებას, რაზეც ჩვენ მათ განვუმარტეთ და თქვენც განგიმარტავთ, რომ კომპანია წლებია ზარალიანია სამთო მოპოვებითი სამუშაოების მხრივ ჭიათურაში, წლებია ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისიდან დაძლევის გზების პოვნას, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული იქნა კომისიის შექმნა ამ კრიზისის გზებსა და პრობლემატიკებზე. ჩვენ მზად ვართ, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი იქნას მდგომარეობა კომპანიის, დადგინდეს, აქვს თუ არა კომპანიას კიდევ შესაძლებლობა, დამატებით 15%-ით გაუზარდოს ხელფასები თანამშრომლებს. შევთავაზეთ თანამშრომლებს დამატებით, რომ მოდით, დაველოდოთ აუდიტის დასკვნას და ვნახოთ, ფინანსური მდგომარეობა. თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ჩვენი მიზანია ჭიათურაში სამუშაოები განვაახლოთ, არანაირი სურვილი არ აქვს კომპანიას, სამუშაოები შეჩერებული იყოს, არსებული კრიზისის ფონზე ჩვენ იძულებული ვართ საწარმო გავაჩეროთ, ხოლო გაჩერებულ წარმოებაში თანამშრომლებს ხელფასებს ვუხდით, რაც მცირე თანხა ნამდვილად არ არის და თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია. ვცდილობთ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და გამოსავლის გზად მიგვაჩნია მოლაპარაკება. ღია ვართ, მზად ვართ“, - განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, ხელფასის მოთხოვნილი 15%-იანი მატება ამჟამინდელ პერიოდში კომპანიის სახელფასო ფონდიდან დაახლოებით 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიურ ხარჯს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:

1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცესთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცესთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცესთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს, ნაწილმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი და თვალები ამოიკერა. დღეს, მაღაროებელმა პროტესტის თბილისში, პარლამენტის წინ ნაწილობრივი გადმოტანის შესახებ განაცხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები