მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება არ აზროვნებს სტრატეგიული კატეგორიებით... დღეს ისინი შოკოლადში არიან" - ხუხაშვილი

63f87b57aa090
ელენე კვანჭილაშვილი
25.02.23 00:00
824
„ჩვენი ხელისუფლება არ აზროვნებს სტრატეგიული კატეგორიებით. დღეს ისინი შოკოლადში არიან. შოკოლადში არიან არა ცივილიზებული ინვესტიციების ხარჯზე, არამედ რუსეთის ომის გამო,“ – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში – ანალიტიკა – განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის თქმით, უძრავი ქონების ბაზარს დღეს წესებს რუსი მოქალაქეები კარნახობენ. 15 ათასი ბინა და შენობა–ნაგებობა იყიდეს რუსებმა, 14 ათასი მიწის ნაკვეთი იყიდეს. 15 ათასი ბინის ყიდვა ნიშნავს, რომ მეორადი ბაზარი რუსეთის ხელშია. ისინი კარნახობენ ბაზარს თამაშის წესებს“ – ამბობს გია ხუხაშვილი.

კითხვები აქვს საქართველოს კომერციულ ბანკებთანაც: „მილიარდზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზეა განთავსებული – რითია დადასტურებული ამ ფულის წარმომავლობა? როგორ ადასტურებენ რუსეთის მოქალაქეები თავიანთი შემოსავლების ლეგალურობას?“ – კითხულობს გია ხუხაშვილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი კოვიდ–პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.

კვლევა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია,“ – აღნიშნულია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები