„ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მიხედვით გათვალისწინებული დიდი რეფორმები, რომელიც სასამართლოს უკავშირდება, არ არის შესრულებული. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა“, - განაცხადა „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენელმა ნაზი ჯანეზაშვილმა მედიასთან.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია, აღნიშნული რეფორმების გატარება მოესწროს, რაშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია.
„რეფორმები შესასრულებელია საბჭოს ნაწილში, სტრატეგიის ინკლუზიურ ნაწილში, ინსტიტუციური და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და ა.შ. მოგეხსენებათ, რომ სასამართლოს რეფორმა ევროკავშირის რეკომენდაციების მესამე პუნქტია.
რთულ ვითარებას ემატება ისიც, რომ საქართველოს 4 მოსამართლე სანქცირებულია, აქედან 3 სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება და ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან.
უნდა ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოებაც, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან ეს აკრძალულია, არადა მათ რომ პოლიტიკური ნება ჰქონდეთ, საკმაოდ დიდი რესურსი იქნებოდა ცვლილებების მისაღებად“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების სტატუსმეტრი წარუდგინეს, სადაც „საქართველოს სასამართლო გუშაგს“ სასამართლოს ნაწილში გატარებული რეფორმების მიმოხილვა ევალებოდა.